Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა არის დასავლეთის მიზანი და რას მოითხოვს ის ჩვენგან


19 აპრილს ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 20 აპრილს მიშელი თავადაც ეწვია საქართველოს. მისი განცხადებით, „[საქართველოში] პოლიტიკური კრიზისი დასასრულს მიუახლოვდა და პოლიტიკური ჩართულობა უფრო მდგრადი გახდა.“ იმავე დღესვე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა დანარჩენ ოპოზიციასაც მოუწოდა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსასვლელად მიშელის შეთანხმებას მათაც მოაწერონ ხელი.

ევროკავშირი და აშშ ხაზს უსვამენ იმას, რომ შეთანხმება მოითხოვს რთულ კომპრომისებს ორივე მხრიდან. ისინი, ასევე, იმედოვნებენ, რომ ამგვარი კომპრომისები ხელს შეუწყობს საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაციას. საქართველოში ბევრი ადამიანი ამ „დასავლურ“ მიდგომას ეჭვის თვალით უყურებს და ფიქრობს, რომ მსგავსი კომპრომისები ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს ვერ შეამსუბუქებს.

აქ განვიხილავთ იმას, თუ რა რეალური ალტერნატივა გვაქვს პოლიტიკური კრიზისის შესამსუბუქებლად და რატომ უნდა დაფიქრდეს მთელი საზოგადოება დასავლეთის შემოთავაზებებზე სერიოზულად.

პირველ რიგში, დავიწყოთ იმის განხილვით, თუ რა ქმნის პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში. გარე და შიდა დამკვირვებლების უმეტესობა თანხმდება, რომ საქართველოში პოლიტიკურ კრიზისს ორი მიზეზი აქვს: პირველი - ოლიგარქიული, არადემოკრატიული რეჟიმი (რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებს და რიგით მოქალაქეებს ჩაგრავს) და მეორე - პოლიტიკური პოლარიზაცია.

კრიზისის განხილვისას მისი გამომწვევი ორივე მიზეზის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მაგალითად, მხოლოდ პოლიტიკური კომპრომისების მიღწევა კრიზისს ვერ მოაგვარებს, თუკი რეჟიმი ისევ ავტორიტარული იქნება, ანუ პროცესები დემოკრატიზაციისკენ არ წავა. ანალოგიურად, კრიზისის გამომწვევი მთავარი მიზეზი რომ მხოლოდ ოლიგარქიული, არადემოკრატიული რეჟიმის არსებობა იყოს, მაშინ გაუგებარი იქნებოდა ის, თუ რატომ ითხოვს დასავლეთი ოპოზიციისგან ასეთ რეჟიმთან კომპრომისებზე წასვლას. დასავლეთი, როგორც ჩანს, თვლის, რომ პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი მიზეზი ნაწილობრივ მაინც პოლარიზაციაა და სწორედ ამიტომ, ორივე მხარეს გარკვეულ კომპრომისებზე წასვლისკენ მოუწოდებს.

საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას განაპირობებს იმას, რომ საზოგადოება, უხეშად რომ ვთქვათ, სამ ნაწილად არის გაყოფილი: ოპოზიციის მხარდამჭერებად, მთავრობის მხარდამჭერებად და მეტნაკლებად ნეიტრალურ, „შუაშისტ“ ადამიანებად. ამ სამიდან თითოეულ ჯგუფს არსებული პოლიტიკური რეალობის საკუთარი ვერსია აქვს.

ოპოზიციის მხარდამჭერთა ნაწილისთვის მმართველი პარტია და შესაძლოა ნაწილობრივ მისი მხარდამჭერებიც ცალსახად მოღალატეები არიან, რომლებიც ქვეყნის მთავარი საგარეო მტრის ინტერესებს ემსახურებიან. მთავრობის მხარდამჭერებისთვის ოპოზიცია არის „სისხლიანი ცხრა წლის“ „ანასხლეტები“, რომელთა მიზანიც ძალაუფლების უზურპაციაა. ნეიტრალური ადამიანები (რომლებიც როგორც წესი, ან არ დადიან არჩევნებზე ან მცირერიცხოვან მესამე პარტიებს აძლევენ ხმას) ფიქრობენ, რომ სიმართლე სადღაც შუაშია.

თუ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს ნაწილობრივ მაინც პოლარიზაცია იწვევს, მაშინ გამოდის, რომ მისი მოგვარების, მინიმუმ, ორი გზა არსებობს: ან დაპირისპირებული ორი ბანაკიდან ერთ-ერთმა უნდა გაიმარჯვოს ისე, რომ მეორე მხარე მთლიანად გაანადგუროს, ან ორივე მხარე რამე საერთო ნიადაგზე უნდა შეთანხმდეს (და რაღაც აზრით, ისინი მესამე ბანაკს, ანუ „შუაშისტებს“ უნდა დაუახლოვდნენ). ქვემოთ თითოეული ვარიანტი ცალ-ცალკე განვიხილოთ.

დავიწყოთ პირველი სცენარის განხილვიდან. მეორე მხარის განადგურების მოწოდება ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ხშირად ისმის. მაგალითად, „ქართული ოცნების“ მომხრეთა რიგებში დღემდე პოპულარულია ლოზუნგი „ნაცების დასრულების“ ან „კოჰაბიტაციის დასრულების“ შესახებ. ამ მოწოდების არსი ის არის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მხარდამჭერები ფიზიკურად უნდა განდევნონ პოლიტიკიდან (რაც თავისთავად მათთვის გარკვეული უფლებების სრულად ან ნაწილობრივ ჩამორთმევას გულისხმობს).

ანალოგიურად, „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეების ნაწილი „ქართულ ოცნებას“ და მათ მხარდამჭერებს „მოღალატეებს“ და „ქვეყნის გამყიდველებს“ უწოდებს. გამოდის, რომ ოპოზიციის მხარდამჭერების ამ ნაწილის პერსპექტივიდან, პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი მოღალატეების განადგურება/დასრულება/განდევნაა. სხვანაირად ვერც გამოვა, რადგან იმისათვის, რომ ერმა სუვერენიტეტი შეინარჩუნოს, მან „მოღალატეები“ მინიმუმ პოლიტიკური სივრციდან მაინც უნდა განდევნოს. „მოღალატე“ პოლიტიკურ სივრცეში თავისი არსებობით ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნის საფრთხეს.

ორივე მხარის ლოგიკას თუ გავყვებით, მოწინააღმდეგის პოლიტიკური სივრციდან განდევნის ერთადერთი გზა ძალადობრივია. ამ პირველი სცენარის მიხედვით, პოლიტიკური კრიზისი დასრულდება მაშინ, როდესაც ერთი მხარე მეორეს საბოლოოდ მოერევა. ეს კი თავისთავად გულისხმობს სამოქალაქო დაპირისპირებას.

აქ შეიძლება ვიღაცამ მართებულად შენიშნოს, რომ საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირება არც არასდროს შეწყვეტილა. ის ერთი პერიოდი, 1990-იანების დასაწყისში, აქტიურ ფაზაში იყო, ანუ მოწინააღმდეგეები უწყვეტ რეჟიმში ეომებოდნენ ერთმანეთს, ხოლო მოგვიანებით, ის გადავიდა შედარებით პასიურ, „ჰიბრიდულ“ ფაზაში. ეს ჰიბრიდული ფაზა ოპონენტის განდევნის ან განადგურების მოწოდებებით ხასიათდება, თუმცა პირველთან შედარებით მშვიდობიანია.

გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად წამყვანი ქართული პოლიტიკური პარტიები აქტიური ან პასიური სამოქალაქო დაპირისპირების გზით სვლას გვთავაზობენ. ჩვენი მთავარი საგარეო პარტნიორები - ევროკავშირი და აშშ კი პოლიტიკური კრიზისიდან ნაწილობრივ გამოსასვლელად მეორე გზას გვირჩევენ, რომელიც გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებზე კომპრომისული შეთანხმებების მიღწევას ითვალისწინებს. იგულისხმება, რომ ეს კომპრომისები გახდება დაპირისპირებული მხარეების მსოფლმხედველობების დაახლოების საწინდარი.

ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის კრიზისის შემსუბუქების ეს მეორე გზა არის ჩვენი ევროკავშირში და სხვა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საწინდარიც. მაგალითად, 19 აპრილს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

„დღეს დაიწყო ახალი ეტაპი, რომელიც საჭიროებს ბევრ შრომას, რომელიც საქართველომ უნდა განვლოს ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით.“

აშკარაა, რომ პოლიტიკური კრიზისის შემსუბუქების მეორე გზა ჩვენ გარედან მოგვახვიეს თავს. ჩვენ ადგილობრივ პოლიტიკურ სივრცეში ამაზე მსჯელობა არ გვქონია და აქამდე „შუაშისტების“ გარდა, ყველანი პირველ გზას მივდევდით. მომდევნო თვეების განმავლობაში, ჩვენ პირველ რიგში, უნდა გავიაზროთ ის, თუ რას გულისხმობს პოლიტიკური კრიზისის შემსუბუქების დასავლური გზა; რა არის დასავლეთის მიზანი და რას მოითხოვს ის ჩვენგან?

მიშელის მიერ შემოთავაზებული გეგმის ცალკეული პუნქტები ჩვენთვის შეიძლება მისაღები იყოს, ან შეიძლება არ იყოს მისაღები, მაგრამ ის, რომ ევროკავშირის და აშშ-ს მიდგომა, საერთო ჯამში, პოლიტიკური კრიზისის შემსუბუქების ერთ-ერთი ლეგიტიმური გზაა, ამაზე სერიოზულად უნდა დავფიქრდეთ. სხვანაირად, გამოვა, რომ ჩვენი პოლიტიკური ენა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოლიტიკური ენა მუდმივ აცდენაში იქნება ერთმანეთთან, რამაც შეიძლება გეოპოლიტიკურადაც დაგვაზარალოს.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG