Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„არა რუსულ კანონს“ - სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ქუთაისში მარში გამართეს


ქუთაისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.
ქუთაისში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.

ქუთაისში საზოგადოებრივი პლატფორმის, „თავისუფლების მოედნის“ ორგანიზებით გაიმართა ე.წ. აგენტების კანონის საერთო-საზოგადოებრივი განხილვა, რის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრები შეუერთდნენ სტუდენტების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მსვლელობას.  

ორგანიზატორთა განცხადებით, მსვლელობაში მონაწილეობს ყველა, ვისაც სურს ძალის გაერთიანება 'რუსული კანონის' წინააღმდეგ ბრძოლაში".

„ახლა აღარ არის პირადი, ორგანიზაციული და პარტიული ფერების გარჩევის დრო, რადგან ერთი ამოცანა დგას დღის წესრიგში, გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა, მისი დემოკრატია და ევროპული მომავალი“, - ამბობს "მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" დირექტორი ლევან ცუცქირიძე.

სამოქალაქო აქტივისტ აკაკი საღინაძის თქმით, კვირაზე მეტია, ქუთაისში ყოველ საღამოს იმართება აქცია "რუსული კანონის" წინააღმდეგ, რადგან საზოგადოებას სურს, დაიცვას ქვეყანა გარუსებისა და კრემლის დღის წესრიგის დამყარებისგან: „აქციები მიიღებს უფრო მასშტაბურ ფორმას, იქნება მშვიდობიანი, თუმცა არ შეეგუება და არ მიიღებს ამ კანონს, ქართველი ხალხი ვერ შეეგუება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ხელშეშლას. ეს არის ეროვნული ღირსების საკითხი და დავიცავთ ამ ღირსებას“.

საქართველოს პარლამენტმა, მრავალრიცხოვანი საპროტესტო დემონსტრაციების მიუხედავად, 2024 წლის 17 აპრილს პირველი მოსმენით მიიღო კანონი „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ორგანიზაციების შეფასებით, ე.წ. “აგენტების კანონი” ხელს შეუშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას, მმართველი პარტია კი ამტკიცებს, რომ ის „ევროპულია“.

2023 წლის მარტში ხალხმრავალი აქციებისა და საერთაშორისო კრიტიკის გამო საპარლამენტო უმრავლესობა იძულებული გახდა, „უცხოეთის აგენტების კანონი“, რომელიც პირველი მოსმენით ჰქონდა მიღებული, ჩაეგდო.

მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ პროექტს აღარ დაუბრუნდებოდა.

„ქართულმა ოცნებამ“ კანონპროექტი 2024 წლის 3 აპრილს დააბრუნა პარლამენტში. ტერმინი „უცხოური გავლენის აგენტი“ პროექტში მან „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“ ჩაანაცვლა.

XS
SM
MD
LG