Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ გასცემს შინაგან საქმეთა მინისტრი მილიონობით ლარს დანამატებსა და ჯილდოებზე


საილუსტრაციო ფოტო: პოლიციელები
საილუსტრაციო ფოტო: პოლიციელები

2021 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მინისტრის გადაწყვეტილებით, 20 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა თანამშრომლების სოციალურ დახმარებაზე, ფულად  ჯილდოებსა და სახელფასო დანამატებზე. ეს თანხა დაუსაბუთებლად გაიცა, - მიიჩნევს აუდიტის სამსახური.

შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გასცემს ინფორმაციას, ვინ ისარგებლა ფინანსური პრივილეგიებით და რა დამსახურებისთვის.

ბოლო 5 წელიწადში ასი მილიონი ლარით გაიზარდა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა, 15 მილიონით - თანამდებობის პირების ხელფასები, 5 მილიონით კი - შტატგარეშე თანამშრომელთა ანაზღაურება.

სახელფასო დანამატები

შინაგან საქმეთა სამინისტროს 7184-მა თანამშრომელმა 2021 წელს ხელფასთან ერთად ჯამში 10 მილიონ ლარზე მეტი დანამატი მიიღო მაგრამ არა შესრულებული სამუშაოს შემდეგ, არამედ მანამდე, წლის დასაწყისში. მინისტრის ვახტანგ გომელაურის ამ გადაწყვეტილებას, აუდიტის სამსახური ნაკლოვანებად აფასებს - დანამატების გაცემის საფუძველი დასაბუთებული არ არის, თვლის უწყება.

რადიო თავისუფლებამ აუდიტის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა პოზიციაზე მყოფმა თანამშრომლებმა მიიღეს დანამატი, თუმცა უშედეგოდ. სამინისტრომ პირველ ჯერზე ინფორმაციის გაცემაზე უარი თქვა იმ მოტივით, რომ „მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის სტატისტიკური დამუშავება არ ხორციელდება”.

უწყებამ ასევე უარი თქვა, რადიო თავისუფლებისთვის მიეწოდებინა მინისტრის ყოველთვიური ბრძანებები, რომლითაც ის თანამშრომლებზე დანამატებს გასცემდა.

“თქვენ მიერ მოთხოვნილი პარამეტრებისა და კრიტერიუმების მიხედვით ინფორმაციის დამუშავება საჭიროებს არაგონივრულ/არაპროპორციულ ძალისხმევას, ამგვარი ხასიათის ღონისძიება შეუსაბამოა სამინისტროში არსებულ ადამიანურ და მატერიალურ რესურსთან”, - მოგვწერეს შს სამინისტროდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკით, 2021 წელს უწყებას 19 ათასზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა, რომელთაგან 787 იყო თანამდებობის პირი.

ამ წელს უწყებამ ხელფასებში, დანამატებსა და პრემიებში სულ 386 მილიონი ლარი გადაიხადა - უწყება საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არ გამოყოფს დანამატებს და პრემიებს და მათ ხელფასთან ერთად ითვლის. აუდიტის სამსახური წერს, რომ 2021 წელს სახელფასო დანამატმა მთლიანად გაცემული თანხის 17% შეადგინა.

სახელფასო დანამატები

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ნაწილი სახელფასო დანამატებს სამხედრო და სპეციალური წოდებისთვის, ნამსახურები წლების გათვალისწინებით, ან მრავალშვილიანობით იღებს. აუდიტის სამსახური უთითებს, რომ გარდა ამ შემთხვევებისა, უწყებაში გავრცელებული პრაქტიკაა ფულადი ჯილდოების დაუსაბუთებლად გაცემაც.

მხოლოდ 2021 წელს, ორჯერ გაიცა 9 მილიონამდე ჯილდოები, მარტსა და დეკემბერში. პირველ ჯერზე, მარტის თვეში 5360-მა თანამშრომელმა ჯამში 696 540 ლარი მიიღო ჯილდოდ, დეკემბერში 27 886-მა ადამიანმა 8 285 400 ლარი.

აუდიტის სამსახური ორივე შემთხვევაში ამ ხარჯებს დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რადგან ფულადი ჯილდოს მიღების საფუძველი შეიძლება იყოს მოხელის სანიმუშო მუშაობა, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახური ან/და მის მიერ განსაკუთრებული სირთულის და მნიშვნელობის დავალების შესრულება. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოცემულ ბრძანებებში დანამატების დანიშვნის შესახებ ამგვარი საფუძვლები მითითებული არ არის.

სოციალური დახმარებები

კიდევ ერთი დაუსაბუთებელი ხარჯი, რაზეც აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს, სოციალური დახმარებაა. 2021 წელს სამინისტროს სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულში 5504-მა თანამშრომელმა მიიღო 3 886 948 ლარის სოციალური დახმარება.

“გაცემული ერთჯერადი სოციალური დახმარებები, არ არის საკმარისად დასაბუთებული, ვინაიდან არ არის სათანადოდ დოკუმენტირებული ბრძანების საფუძველი და დახმარების გაცემის მოტივი”, - წერს აუდიტის სამსახური.

2023 წელს პოლიციელების ხელფასების 20%-იანი ზრდაა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG