Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2008 წლის ომი და ომის შედეგები რიცხვებში


2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლის თავზე ცხინვალის იზოლატორშია საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დაკავებული საქართველოს 8 მოქალაქე, მათ შორის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე, მამუკა ჩხიკვაძე. კვლავ დევნილის სტატუსით ცხოვრობს ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული 30 000-მდე ადამიანი.

ომის შემდეგ საქართველომ კონტროლი დაკარგა ასზე მეტ ქართულ სოფელზე, რომელთა უმრავლესობა დღეს მიწასთან არის გასწორებული - ოკუპირებული სოფლებიდან დევნილებისთვის გაჩნდა ათზე მეტი დევნილთა ახალი დასახლება.

ომიდან 15 წლის შემდეგ მონაცემების გამოყენებით გიყვებით ომის მსხვერპლების, მცოცავი ოკუპაციისა და ბორდერიზაციის პირობებში მცხოვრები ადამიანების ამბებს.

ომის მსხვერპლები

2008 წლის ომის შედეგად დაიღუპა 850 ადამიანი.

  • დაღუპულების ნახევარი - 412 - საქართველოს მოქალაქეა. მათ შორის - 228 სამოქალაქო პირი, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი.
  • დაშავდა 1 747 ადამიანი, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი ითვლება 10 სამხედრო და 14 პოლიციელი.
  • რუსეთის ფედერაციის ინფორმაციით, დაიღუპა 162 და დაიჭრა 255 ეთნიკურად ოსი. ასევე დაიღუპა 48 რუსი სამხედრო და 162 დაშავდა.
  • სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მონაცემებით, მათი მხრიდან დაღუპული სამოქალაქო და სამხედრო პირების რიცხვმა 365 შეადგინა.

კონფლიქტის მსვლელობის დროს დაიღუპა სამი და დაიჭრა 12 ჟურნალისტი.

ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე
ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების საფლავები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე

დევნილები

ომის შედეგად საცხოვრისი იძულებით შეიცვალა დაახლოებით 192 ათასმა ადამიანმა. მათგან 30 000-მდე ამ დრომდე დევნილობაში რჩება.

2008 წლის 3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ბიურომ 125819 დევნილი გაატარა რეგისტრაციაში.

ომის შემდეგ გაჩნდა დევნილთა ახალი დასახლებები წეროვანში, კარალეთში, კოდაში, გორში, ბერბუკში, ფრეზეთში, წინამღვრიანთკარში, წილკანში, სკრაში, შავშებში, ხურვალეთში, შაუმიანში, ბაზალეთსა და ახალსოფელში.

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს მონაცემებით, ომის პერიოდში დაახლოებით 36000-მა ადამიანმა გადაკვეთა საქართველო-რუსეთის საზღვარი და ჩრდილოეთ ოსეთში პოვა თავშესაფარი.

წეროვანის დევნილთა დასახლება. 2017 წელი.
წეროვანის დევნილთა დასახლება. 2017 წელი.

დაკარგული სოფლები

ქართულმა მხარემ ომის შემდეგ კონტროლი დაკარგა 189 სოფელზე. მათგან 125 სოფელი დღემდე დე ფაქტო რეჟიმების კონტროლის ქვეშ არის.

2008 წლის შემდეგ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოექცა:

დიდი ლიახვის ხეობაში: თამარაშენი, ზემო და ქვემო აჩაბეთი, ქურთა, კეხვი, ქემერტი, ხეითი, სვერი, ძარწემი.

პატარა ლიახვის ხეობაში: ერედვი, ვანათი, ბელოთი, ზემო ფრისი, აწრისხევი, საცხენისი, არგვისი, ბერულა, დისევი, ქსუისი, ჭარები.

კოდორის ხეობაში: საკენი, ომარიშარა, გვანდრა, მარჯვენა და მარცხენა გენწვიში, ხუტია, ზემო და ქვემო აჟარა, ნახარი, მრამბა, ხეცკვარა, მარცხენა და მარჯვენა პრიში, ჩხალთა, ბუძგური, შაბათკვარა, ზემო და ქვემო ზიმა, ქვაბჩარა, ბუჩუკური, აძგარა, ტვიბრაშენი.

2008 წლის ომის შემდეგ დე ფაქტო რეჟიმის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა ახალგორი და ახალგორის ირგვლივ მდებარე სოფლებიც.

ქართული სოფლების სრულად განადგურების გეგმა ომის შემდეგ მალევე ღიად გაცხადდა დე ფაქტო რეჟიმის მხრიდან - დღეს ქართული სოფლების ადგილას უმეტეს შემთხვევაში სრულად არის წაშლილი იქ ადამიანის ცხოვრების კვალი და ნასახლარები ტყეებად არის ქცეული. 2017 წელს რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან 4,2 მლდ. რუბლი (რაც დაახლოებით 70 მლნ. დოლარი იყო) გამოიყო, რაც ე.წ. სამხრეთ-ოსეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზე უნდა დახარჯულიყო. ამ პროექტის მიზნის მისაღწევად ქართულ სოფლებში დარჩენილი სახლები მძიმე ტექნიკით გაასწორეს მიწასთან.

ჩემი სახლის ადგილას ტყეა
please wait

No media source currently available

0:00 0:05:59 0:00

ზოგიერთ ნასოფლარზე სამხედრო დანიშნულების შენობები აშენდა.

  • ლიახვის ქართულ სოფელ ძარწემში რუსეთის ფედერაციის მეოთხე ბაზის სპეციალური სასროლეთია მოწყობილი. ამ სასროლეთზე ხშირად ტარდება სამხედრო წვრთნები, აფეთქებებისა და სროლის ხმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებამდეც აღწევს.
  • 2014 წელს სოფელ ქემერტში დაანგრიეს ქაშუეთის ეკლესია - ამ სოფელში ტერიტორიას სამხედრო ნაგებობებისთვის ამზადებენ.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების ანგარიშების მიხედვით, ერედვში, ეთნიკური ქართველების ნასახლარებზე, რუსეთის ფედერაციის დაფინანსებით დე ფაქტო რეჟიმი ნაგავსაყრელს აშენებს.
  • სოფელ ხუმსარეთის ადგილას მცირე სამხედრო ბაზაა მოწყობილი.
  • განადგურებულ თამარაშენს ესაზღვრება ცხინვალში განთავსებული რუსეთის მეოთხე სამხედრო ბაზა, რომელიც 2009 წლიდან არსებობს და წლიდან წლამდე ფართოვდება. მე-4 სამხედრო ბაზის უშუალო ფუნქციაა ცხინვალის რეგიონის უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში რუსეთის ინტერესების დაცვა. ბაზა რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის და კავკასიაში კრემლის სამხედრო-პოლიტიკური გავლენის უზრუნველყოფის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
  • სამხედრო ობიექტია აშენებული სოფელ დისევის ნასოფლარზეც.

რა უჯდება რუსეთს ოკუპირებული ცხინვალის შენახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლიდან ითვლის, რამდენ პროცენტს შეადგენს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ბიუჯეტში რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული თანხები. იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ცდილობს უფრო და უფრო ნაკლები ფული გადაუხადოს ცხინვალის რეგიონს, ცხინვალის ბიუჯეტში არსებული თანხების 80%-ზე მეტი რუსეთიდან მიღებული დახმარებაა.

ბორდერიზაცია და უკანონო დაკავებები

საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები ადამიანებისთვის ომი, რომელიც 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, მცოცავი ოკუპაციის სახით გრძელდება. რუსეთის მხარდაჭერით, ოსი სეპარატისტები ე.წ. სადემარკაციო სამუშაოებს სსრკ-ს გენერალური შტაბის მიერ 1988 წელს გამოცემული ტოპოგრაფიული რუკით ახორციელებენ, რომელიც ასახავს ადმინისტრაციულ საზღვარს 1984 წლის მდგომარეობით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიციალური მონაცემებით, 2008 წლიდან მოყოლებული, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ 56 კილომეტრზე მეტი სიგრძის მავთულხლართები, ღობეები და ხელოვნური ბარიერია გავლებული.

მცოცავმა ოკუპაციამ ომის დასრულების შემდეგ ათზე მეტი სოფელი დატოვა საძოვრისა თუ სახნავ-სათესი მიწის გარეშე. მხოლოდ სოფელ დვანში 50-მდე ოჯახის კუთვნილი 80-მდე ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწები და 3 ოჯახის საცხოვრებელი სახლი აღმოჩნდა ე.წ. საზღვრის მიღმა 2013 წელს.

19-მა დვანელმა რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგში გაგზავნა საჩივარი. „ბორდერიზაციის“ შედეგად დაზარალებულთა საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 5 თებერვალს დაიწყო.

მცოცავი ოკუპაციისას გავლებულმა მავთულხლართებმა და საზღვრის მარკერებმა ზოგიერთ სოფელში სახლებსა და მიწის ნაკვეთებზე გაიარა. რუსული ოკუპაციის სიმბოლოდ იქცა სოფელ ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილი. 2011 წელს საოკუპაციო ძალებმა მისი საცხოვრებელი მავთულხლართებით გაყვეს. სახლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე დარჩა, მიწის ნაკვეთი კი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე. 88 წლის დათა ვანიშვილი 2021 წლის 19 მარტს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი ამ დრომდე მავთულხლართებით გაყოფილ სახლში ცხოვრობს.

2009-2023 წლებში საოკუპაციო ძალებმა ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის საზღვრისპირა სოფლებიდან გაიტაცეს 1 500-მდე ადამიანი, მათგან 175 ქალი და 42 ბავშვი.

საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში დაიღუპნენ ოკუპირებული ახალგორიდან 2015 წელს გაუჩინარებული 19 წლის დავით ბასარული და ყოფილი სამხედრო, 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი, რომლის სასტიკად ნაწამები გვამიც 2018 წლის 20 მარტს გადასცა საქართველოს მხარეს ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმმა.

2021 წელს ცხინვალში უკანონო ტყვეობის შემდეგ თითქმის მომაკვდავ მდგომარეობაში მყოფი გადასცა საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს 53 წლის გენადი ბესტაევი, რომლის გადარჩენაც ქართველმა ექიმებმა ვერ მოახერხეს. გენადი ბესტაევი 2008 წლის ომის შემდეგ სიკვდილამდე 5-ჯერ ჰყავდათ დაკავებული რუს მესაზღვრეებს ე.წ. საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდებით.

ომამდე ის სოფელ ზარდიანთკარში ცხოვრობდა - ეს სოფელი ომის შემდეგ მავთულხლართებმა ორ ნაწილად გაყო.

XS
SM
MD
LG