Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდივიდი სისტემის წინააღმდეგ და მორალური პასუხისმგებლობა


ავტორი: ლიკა ჯამბურია

(ერთი ანტისაბჭოთა რომანის მაგალითზე)

იური დომბროვსკის რომანს „უსარგებლო ცოდნის ფაკულტეტი[1]“ პირადი გამოცდილება - დაპატიმრებები, გადასახლება და შემდგომი რეაბილიტაცია უდევს საფუძვლად. რომანში აღწერილი და გაანალიზებულია დაკავების, წამების, შეთითხნილი ბრალდებებისა და ძალადობრივი სიკვდილის სისტემა, ისევე, როგორც იმ ადამიანების მოტივაცია, რომლებიც მას ემსახურებიან.

რომანის დასაწყისში ალმა-ატის მუზეუმის თანამშრომელ, არქეოლოგ გიორგი ზიბინს ძვირფასეულობის მოპარვის, ანტისაბჭოთა პროპაგანდისა და საზღვარგარეთ გაქცევის მცდელობის ბრალდებით აპატიმრებენ. როგორც ირკვევა, პროვინციელმა ჩეკისტებმა მასშტაბური საჩვენებელი პროცესის ჩატარება გადაწყვიტეს. გამომძიებლები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ პატიმარს ხელი მოაწერინონ დანაშაულის აღიარებაზე, თუმცა, უშედეგოდ. სწორედ, დაკითხვების ამ ჯაჭვსა და ზიბინის წინააღმდეგობას ეთმობა რომანის დიდი ნაწილი.

რომანის ერთ-ერთ ეპიზოდში ზიბინი წარმოსახვით სტალინს ესაუბრება: „მე სხვა რამის მეშინია: ვაიდა, მართალი ხართ? მსოფლიო გადარჩება და აყვავდება. მაშასადამე, გონება, სინდისი, სიკეთე, ჰუმანურობა - ის ყველაფერი, რაც ათასობით წლის მანძილზე ყალიბდებოდა და კაცობრიობის არსებობის მიზნად ითვლებოდა - არაფერს წარმოადგენს. მაშინ დემოკრატია უბრალოდ სულელური არაკია მახინჯი იხვის ჭუჭულის შესახებ. და გედად ეს სიმახინჯე არასოდეს იქცევა. მაშინ სამყაროს გადასარჩენად საჭიროა რკინა და ტყვიამფრქვევები, რკინის სარდაფები და მათში ადამიანები ბრაუნინგებით...“

პასუხად კი, ბელადი პირდაპირ ეუბნება, რომ მისი განადგურების მიზეზი ,,იდიოტური დაავადება დიდსულოვნებაა“, რომლის ადგილიც ტოტალიტარულ სისტემაში აღარ არის. ზიბინის თანამოსაკნე ამგვარად განსაზღვრავს მის ადგილს სისტემაში: „თქვენ საშიში ადამიანი ხართ. საზოგადოებაში თქვენი დატოვება სარისკოა - საჭიროა იზოლირება. ჰოდა, ასეც იზამენ სამხედრო პროკურატურის გავლითა და სპეციალურ საბჭოს წყალობით. სამართლიანი თუ არა ეს? კლასიკური იურისპრუდენციის თანახმად - არა, რევოლუციური სამართლებრივი ცნობიერების მიხედვით - უდავოდ. ჰუმანურია თუ არა ეს? რა საკვირველია! მიზანი ხომ სრულიად ნათელია! მომავალი თაობების ბედნიერება! ამისთვის კი არაფერი გვენანება!“

ამ სისტემის მსახურები კი - ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე კანონმდებლობას სწავლობდნენ „უსარგებლო ცოდნის ფაკულტეტად“ ქცეულ ფაკულტეტზე და ოფიციალურად სწორედ კანონის უზენაესობას ემსახურებიან - კანონის გარეშე ჩვეულებრივი დამნაშავეები არიან. ზიბინი ამას დაკითხვის დროს პირდაპირ ეუბნება ახალგაზრდა გამომძიებელს: „და მეცნიერება? სად გაქრა თქვენი მეცნიერება? ის მეცნიერება, ხუთი წელი თავში რომ გიტენიდნენ? არ გჭირდებათ, ე.ი. გინება და მუშტი გჭირდებათ! რა გამოდის? რომ თქვენ და მეცნიერება შეუთავსებელნი ხართ? მაშინ თქვენ ვინღა ხართ? თუ ესეც სიცრუე და ცილისწამებაა?“

დომბროვსკი და მისი გმირები ცივილიზაციის უდიდეს მონაპოვრად სწორედ კანონის წინაშე ადამიანების თანასწორობას თვლიან: „მთელს ჩვენ სევდიან ისტორიაში არაფერია უფრო საშიში, ვიდრე ადამიანისათვის მისი ბუნებრივი თავშესაფრის - კანონისა და სამართლის წართმევა. ის თუ გაქრება, ჩვენც თან გაგვიყოლებს. თვითონვე გადავყლაპავთ საკუთარ თავს. არ არსებობს სამყაროში უფრო დიდი კატასტროფების მომასწავებელი დანაშაული, ვიდრე სამართალზე მორალურ-პოლიტიკური და სოციალური ფარდებითობის თეორიის გავრცელება. ის პირველსაწყისია. ის შედის ჩვენი პირადი და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ნებისმიერ შემადგენელში. სამართალი გაუქმდა და დადგა 37 წელი. ის არ შეიძლებოდა, არ დამდგარიყო. სტალინის კონვეიერი - ეს არის სფინქსი გამოცანის გარეშე. თუ ანადგურებ არა რაიმეს გამო, არამედ რაღაცის სახელით, გაჩერება შეუძლებელი ხდება.“

ზიბინი სტალინურ რეჟიმს განიხილავს მსგავსი უკანონობის პერიოდებთან შეფარდებით - დაწყებული რომაელი დიქტატორებიდან ესპანური ინკვიზიციითა და ფრანგული რევოლუციით დამთავრებული. ასეთი დიქტატორები არაფერს ტოვებენ ისტორიაში, გარდა სისხლიანი კვალისა. ეს სამყარო, მიუხედავად მისი ძალმოსილების, ძალაუფლებისა და შიშისა, არ შეიძლება არ იყოს ფიქტიური და ილუზორული, რადგან ტოტალიტარული სისტემა ადამიანური ცივილიზაციის ორ მთავარ ღირებულებას უარყოფს: კანონს (სახელმწიფო) და თავისუფლებას (პიროვნება). ეს არის სამყარო საფუძვლის გარეშე და ამიტომ ის განწირულია თვითგანადგურებისა და ისტორიული უნაყოფობისათვის.

ცოდნა და ანალიზის გაკეთების ჩვევა ზიბინს საშუალებას აძლევს შედარებით მომზადებული შეხვდეს დაკითხვების ჯაჭვს. მისგან განსხვავებით, კორნილოვი, მისი უმცროსი კოლეგა და რომანის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურა, გადაწყვეტს, რომ შეუძლია მოატყუოს გამოძიება და ყალბი ცნობები მიაწოდოს. ის ცდება - ინდივიდისა და სისტემის დაპირისპირებაში არ არსებობს შემოვლითი გზები. სანახევრო სიმართლეც ტყუილია და ის ნელ-ნელა ყალიბდება დამსმენად, რომელსაც სახელმწიფო თავისი ინტერესებისთვის იყენებს. მისი ბედი ავტორს შეჯამებული აქვს რომანის მესამე ნაწილის ეპიგრაფით გოგოლის მოთხრობიდან „საშინელი შურისძიება“: „ის მოკვდა და მაშინვე გაახილა თვალები. უკვე მკვდარი იყო და მკვდარივით იყურებოდა“.

ზიბინისთვის კი მთავარი შინაგანი სიმშვიდეა: „არ ვიცი, აქედან ოდესმე გავალ თუ არა, მაგრამ თუკი გავალ, მივაფურთხებ ყველაფერს, რაც აქ გადავიტანე და ვნახე, დავივიწყებ ამ ეშმაკის მოციქულებს ერთხელ და სამუდამოდ, მშვიდად ვიცხოვრებ ჩემთვის, არ შემეშინდება, რომ მათ ხელში რამე ისეთი დარჩა, რითაც ნებისმიერ წამს შეიძლება ვირთხასავით სული გამაფრთხობინონ. თუ ვერ გავალ აქედან... რა ვუყოთ, „შთამომავლობა მკაცრი განმსჯელია“ სწორედ ამგვარი სასამართლოსი მეშინია.“

რომანის დაწერის მიზეზებსა და პირად პასუხისმგებლობაზე მწერალი შესავალშიც საუბრობს: „და ბოლოს - რატომ შევალიე 11 წელი ამ სქელ ხელნაწერს. პასუხი მარტივია - არ შემეძლო არ დამეწერა. სიცოცხლემ განუმეორებელი შანსი მომცა - ჩვენი ეპოქის უდიდესი ტრაგედიის უკვე არცთუ ისე მრავალრიცხოვანი მოწმე გავხდი. როგორ გავდგე განზე და დავმალო ის, რაც ვიხილე და ვიფიქრე? სასამართლო მიმდინარეობს. ვალდებული ვარ სიტყვით გამოვიდე. პასუხისმგებლობის შესახებ კი, მერწმუნეთ, დიდი ხანია გაფრთხილებული ვარ“.

[1] გამოიცა საფრანგეთში 1978 წელს და ზოგიერთი მოსაზრებით, მწერალზე თავდასხმისა და გარდაცვალების მიზეზად იქცა.

ფორუმი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG