Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში ექსპორტი განახევრდა, იმპორტი გაიზარდა - რით ვვაჭრობთ ახალ სტრატეგიულ პარტნიორთან?


საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 48.9%-ით შემცირდა
საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 48.9%-ით შემცირდა

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი თითქმის განახევრდა, ჩინეთიდან იმპორტი კი - 13%-ით გაიზარდა.

საქართველოდან ჩინეთში ძირითადად გადის სპილენძის და ძვირფასი ლითონების მადნები, ჩინეთიდან კი შემოდის ლეპტოპები, კონდიციონერები, საბურავები და ტექნიკა.

საერთო ექსპორტი იზრდება, ჩინეთში კი მცირდება

საქსტატის უახლესი მონაცემებით, 2023 წლის პირველ 7 თვეში, წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა.

იანვარ-ივლისის პერიოდში საგარეო სავაჭრო ბრუნვამ - ექსპორტმა და იმპორტმა ერთად - 12 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. აქედან:

  • ექსპორტი $3.58 მლრდ-ია;
  • იმპორტი - $8.52 მლრდ-ი.

საქართველოს მთლიანი ექსპორტი, წინა წლის 7 თვესთან შედარებით, 15.9%-ით გაიზარდა, ჩინეთში ექსპორტი კი, პირიქით, შემცირდა. და შემცირდა მნიშვნელოვნად - 48.9%-ით.

თუკი 2022 წელს ჩინეთი საექსპორტო პარტნიორებში პირველ ადგილს იკავებდა $475 მლნ-ით და საქართველო ოთხივე მეზობელს უსწრებდა, წელს მე-7 ადგილზეა - $242 მილიონით.

ჩინეთიდან იმპორტი იზრდება, მაგრამ სხვებისგან უფრო იზრდება

საქართველოში იმპორტის საერთო ზრდა 19%-ია ჩინეთიდან იმპორტისა კი - 13%.

თუკი შარშან 7 თვეში ჩინეთიდან $620.9 მლნ-ის ღირებულების პროდუქცია შემოვიდა, წელს ეს რიცხვი $700 მლნ-ს ასცდა.

მაგრამ, ამ ზრდის მიუხედავად, ჩინეთმა, რომელიც საიმპორტო პარტნიორებში მე-3 ადგილზე იყო, მე-4 ადგილზე გადმოინაცვლა.

ამის მიზეზი შეერთებული შტატებიდან იმპორტის 82%-იანი ზრდა გახდა - შარშან 7 თვეში $536 მლნ იყო, წელს კი $975 მლნ. ძირითადი საიმპორტო საქონელი მსუბუქი ავტომობილებია.

საქართველოში იმპორტი სხვა ქვეყნებისგანაც გაიზარდა:

  • იაპონიიდან - 137%-ით
  • არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან - 81.3%-ით
  • გერმანიიდან - 59.6%-ით
  • იტალიიდან - 45%-ით
  • რუსეთიდან - 24.2%-ით
  • თურქეთიდან - 15.6%-ით.

რა შემოდის ჩინეთიდან?

ჩინეთიდან საქართველოში შემოდის თითქმის ყველაფერი: დაწყებული ხრახნებით, დამთავრებული სატვირთო ავტომობილებით.

მათ შორისაა კომპიუტერები, ტელევიზორები, კონდიციონერები, მაცივრები და სხვა სახის საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ჩინეთიდან იმპორტირებული საქონლის უმსხვილესი ათეული ასეთია:

რა გადის საქართველოდან ჩინეთში?

საქართველოს საექსპორტო ათეულში უპირობო ლიდერი სპილენძის მადნები და კონცენტრატებია - მასზე ექსპორტის 70.7% მოდის.

სპილენძის მადნებს მოსდევს ძვირფასი ლითონები - 12.7%-ით. მესამე ადგილს სამედიცინო და ვეტერინარიული ხელსაწყოები იკავებს.

მეოთხე ადგილზეა ღვინო - მასზე ექსპორტის ღირებულების 3% მოდის. წელს 7 თვეში საქართველოდან ჩინეთში $7.3 მლნ-ის ღირებულების ღვინო გავიდა.

ღვინოს მოსდევს სანელებლები - წელს საქართველოდან ჩინეთში უკვე $3.6 მლნ-ის სანელებელი გაიტანეს. ათეული სრულად კი ასეთია:

თავისუფალი ვაჭრობიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე

საქართველოსა და ჩინეთს შორის 2018 წლიდან მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, - საქართველო ევრაზიის რეგიონში პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ასეთი შეთანხმება გააფორმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

2023 წლიდან მხარეებმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარეს, რაც, საქართველოს მთავრობის მოლოდინით, სავაჭრო ბრუნვას გაზრდის.

XS
SM
MD
LG