Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უფრო ცოცხალია, ვიდრე მკვდარი - რა ხდება რამზან კადიროვის თავს?


რამზან კადიორვი. 22 დეკემბერი, 2022 წელი
რამზან კადიორვი. 22 დეკემბერი, 2022 წელი

კრემლის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვის მიერ 18 სექტემბერს გაკეთებულმა კომენტარმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული ეჭვები.

კრემლს არ აქვს ინფორმაცია ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, - უთხრა ჟურნალისტებს 18 სექტემბერს პრეზიდენტ პუტინის პრესმდივანმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობების გამცემი, ამიტომ სათქმელი არაფერი აქვთ.

სიცხადე ამ საკითხში ვერ შეიტანა ვერც კადიროვის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულმა მოსეირნე ჩეჩნეთის ლიდერის ვიდეომ, რომელზეც კადიროვი სუფთა ჰაერზე გასეირნებას ურჩევს მათ. ვინც ინტერნეტში სიმართლეს ტყუილისგან ვერ არჩევს.

რატომ გაუჩინარდა კადიროვის პირადი ექიმი?

რამზან კადიროვის მძიმე ავადმყოფობის შესახებ საუბრები მიმდინარე წლის თებერვალში დაიწყო. ამის მიზეზი გახდა გავრცელებული ფოტო, რომელზეც ჩეჩნეთის ლიდერის სახე ძლიერ არის შეშუპებული. მარტის დასაწყისში კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ინფორმაცია, თითქოს ჩეჩნეთში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ჩავიდა თირკმლის დაავადებათა მკურნალი ცნობილი ექიმი. ამის შესახებ იმხანად ცნობილი გერმანული ტაბლოდი „ბილდიც“ წერდა.

მცირე პაუზის შემდეგ კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრები კვლავ განახლდა აგვისტოს ბოლოს, როდესაც ჩეჩნეთის ლიდერმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც აშშ-ისა და დასავლეთისაგან თავისი დედის, აიმანი კადიროვასთვის, დაწესებული სანქციების გაუქმებას მოითხოვდა.

ბლოგერებს უცნაური მოეჩვენათ ის, თუ როგორ საუბრობს და გამოიყურება ამ ვიდეოზე რამზან კადიროვი.

„"დონმა" [ასე უწოდებენ კადიროვს მის მიერ სიტყვა „დონის“ (ნიშნავს „მოკლედ რომ ითქვას“) ხშირად ხმარების გამო - რედ.] ევროპელებს პირუტყვები უწოდა და პირობა დადო, რომ გაანადგურებს მათ, თუ ისინი დაუყოვნებლივ არ გააუქმებენ სანქციებს. მაგრამ, რატომღაც, ვიდეოს ჩაწერის დროს კადიროვი უცნაურად ქანაობს“, - წერდა თავის ტელეგრამის პოსტში უკრაინელი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი.


ამას 10 სექტემბერს მოჰყვა ტელეგრამის არხ „ვჩკ-ოგეპეუს“ (ВЧК-ОГПУ) მიერ გავრცელებული განცხადება, რომ კადიროვმა სასტიკად გამოასალმა სიცოცხლეს თავისი პირადი ექიმი და იმავდროულად ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი, ელხან სულეიმანოვი, რომელიც ჩეჩნეთის ლიდერმა მის მოწამვლაში დაადანაშაულა.

„რამდენიმე თანამოსაუბრემ, რომელიც იცნობს სიტუაციას, „ვჩკ-ოგეპეუს“ (ВЧК-ОГПУ) უამბო, რომ როდესაც კადიროვის ჯანმრთელობა მკვეთრად და მოულოდნელად გაუარესდა, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის გარემომ დაიწყო მისი დარწმუნება, რომ ის მოწამვლის მსხვერპლი იყო. იმავე ვერსიას ემხრობოდა თავად კადიროვი, რომელმაც თავისი აღშფოთება დაატეხა თავს სულეიმანოვს. წყაროს ცნობით, ვინაიდან სულეიმანოვმა პირადად გაუკეთა რამდენიმე ნემსი, კადიროვმა დაასკვნა, რომ მისი ჯანმრთელობის გაუარესება სწორედ მას უკავშირდებოდა. შედეგად, 2022 წლის ოქტომბერში ღამით, სულეიმანოვი მოხსნეს ვიცე-პრემიერის პოსტიდან და მას შემდეგ იგი არავის უნახავს“, - წერს „ვჩკ-ოგეპეუ" ტელეგრამზე.

სულეიმანოვის გაუჩინარების თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას, რასაც ჩეჩნეთის ხელისუფლების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, მალევე დაემატა მორიგი ცნობები რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესების შესახებ.

ჩეჩნეთის ოპოზიციური ტელეგრამის არხი „ნიუსო“ ( NIYSO) 15 სექტემბრის ღამეს წერდა, თითქოს კადიროვი კომაში ჩავარდა. მეორე დღეს უკრაინულმა გამოცემა „ობოზრევატელმა“, ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენელზე დაყრდნობით, დაწერა, რომ კომაში მყოფი რამზან კადიროვი თვითმფრინავით ჩაიყვანეს მოსკოვში, მაგრამ იქ დახმარება ვერ აღმოუჩინეს.

გამოცემა „ვიორსტკა“ კი წერს, რომ ჩეჩნეთის ლიდერის კუთვნილი თვითმფრინავი მოსკოვში სამჯერ - 6, 9 და 15 სექტემბერს - ჩაფრინდა. ამასთან, ბოლო რეისის შემდეგ, თვითმფრინავი ჩეჩნეთში თითქოს აღარ დაბრუნებულა.

"ეს შეიძლება იყოს სატელევიზო კონსერვი"

ჩეჩნეთის ლიდერის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თუ სულაც მისი გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობების ფონზე, ტელეგრამის არხი „ვჩკ-ოგეპეუ“ წერდა, რომ მოსკოვში არსებულ პრეზიდენტის საქმეთა სამმართველოს ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში 17 სექტემბერს განუწყვეტლივ მიდიოდნენ ჩეჩნურნომრებიანი უცხოური ავტომობილები. ხოლო ჩეჩენმა ოპოზიციონერმა და უფლებადამცველმა, აბუბაკარ იანგულბაევმა იმავე დღეს თავის ტელეგრამის არხში დაწერა, რომ კადიროვი მოკვდა. იანგულბაევს ამ ინფორმაციის დამადასტურებელი არანაირი წყარო და დეტალი არ დაუსახელებია.

მსგავსი ინფორმაციების გავრცელებას გარკვეულ „მოლოდინებს“ უკავშირებს ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრ „მემორიალის“ საბჭოს წევრი, ალექსანდრ ჩერკასოვი.

„პირველ ყოვლისა, ამას ელოდებიან არა ნაკლებ, ვიდრე სხვა ცნობას მოსკოვიდან. და რა? მთელი ეს მოლოდინი, მარჩიელობა იმაზე, რომ „ამხანაგი“ უკვე საიქიოსაა, ცოტა რამეს თუ ნიშნავს. ისინი, პირველ ყოვლისა, მოლოდინებს ასახავენ. სხვა საკითხია თავად ინფორმაცია. რამზანის გარდა, ასე ალბათ არავის სანახავად არ შეიკრიბებოდნენ, და რამზანის გარდა, მისი „ბიზნესჯეტით“, ალბათ არავის გაამგზავრებდნენ. მაგრამ რა ხდება იქ სინამდვილეში?.. იცით, თავის დროზე თავად კადიროვმა, ჩემი აზრით, 9-ჯერ გაავრცელა ცნობა „იმარატ კავკაზის“ დამფუძნებლის, დოკუ უმაროვის სიკვდილის შესახებ. მაგრამ დოკუ უმაროვს ჭეშმარიტად კატის სიცოცხლისუნარიანობა აღმოაჩნდა. მხოლოდ მე-9 ჯერზე, 2014 წელს აღმოჩნდა ეს ცნობა საბოლოოდ დადასტურებული“, - ამბობს ჩერკასოვი, რომელიც ფიქრობს, რომ ასეთ მოლოდინს ასაზრდოებს როგორც კადიროვის, ისე პუტინის ბოლოდროინდელი „კარჩაკეტილობა“.

ვლადიმირ პუტინმა, რომელიც ბოლო წლებში იშვიათად ჩნდებოდა ხალხში, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ლიდერის მიერ ორგანიზებული, „მოსკოვზე ლაშქრობად“ ცნობილი ამბოხის ჩაფუშვის შემდეგ, კვლავ ნამდვილი საჯარო პოლიტიკოსივით დაიწყო მოქცევა.

28 ივნისს რუსეთის პრეზიდენტი დაღესტანში გაემგზავრა, სადაც „ღირსშესანიშნაობები“ დაათვალიერა და დერბენტის მოსახლეობას გაესაუბრა ქუჩაში.

29 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული ინიციატივების სააგენტოს ფორუმში, სადაც მან ტრიგონომეტრიული ფორმულებით აჭრელებულ ინტერაქტიულ ეკრანზე უცნაური არსების სახე მიახატა, რითაც იქ მყოფი ხალხი „აღაფრთოვანა“.
არადა, კოვიდის პანდემიის დაწყების შემდეგ, პუტინი ყოველთვის გაურბოდა პირისპირ შეხვედრებსა და ხალხმრავალ შეკრებებს. საზოგადოებრივი ადგილები, რომლებსაც ის იშვიათად სტუმრობდა, როგორც წესი, ყოველთვის იხურებოდა შემთხვევითი გამვლელებისთვის.

„სხვა საკითხია როგორც კადიროვის, ისე პუტინის უკიდურესად ჩაკეტილი ყოფა. ტელერეპორტაჟები არ ნიშნავს, რომ ადამიანი იმ დროს, იმ ადგილზე იმყოფებოდა. ეს შეიძლება იყოს წინასწარ დამზადებული და ამოღებული სატელევიზიო კონსერვი. რამზანი ბოლო ხანს იშვიათად ჩნდება საჯარო ღონისძიებებზე. ხოლო ის, რაც ვრცელდება, როგორც ახალი ვიდეოჩანაწერი, აშკარად ატარებს რედაქტურის ნიშნებს, როგორც პუტინის შემთხვევაში. ყველაფერი ეს იწვევს გარკვეულ დაძაბულობას. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ჩავიძიროთ დაძაბულ მოლოდინში. ამ ნეკროლოგს, როგორც ამბობენ, გაზეთ „პრავდის“ ბოლო გვერდზე კი არა, არამედ პირველზე გამოაქვეყნებენ“, - ამბობს ალექსანდრ ჩერკასოვი.

„კავკაზ.რეალიის“ მიერ მოპოვებული ცნობით, რამზან კადიროვის პირადი თვითმფრინავი, როგორც ფრენების თვალთვალის სამსახურის წყარო იუწყება, მოსკოვიდან უკან გროზნოში გადაფრინდა. ამასთან, თვითმფრინავი მოძრაობდა გამორთული ტრანსპონდერით, მაგრამ ადგილმდებარეობა ორჯერ გაამჟღავნა: ყალმუხეთში მდებარე სამხედრო აეროდრომის მახლობლად და გროზნოს აეროდრომზე დაშვების დროს,

რადიოსადგურ „ეხო მოსკვის“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, ალექსეი ვენედიკტოვი, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დიაგნოზით დადასტურებული თირკმლის მწვავე უკმარისობის გამო, კადიროვი მოსკოვის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში ნაწილობრივი ჰემოდიალიზის (სისხლის გაწმენდის პროცესი) გასაკეთებლად იმყოფებოდა.

  • უფრო ადრე „ნოვაია გაზეტა“ წერდა, რომ კადიროვს დაუდგინდა დაავადება, რომელიც გავლენას ახდენს მისი ფილტვებისა და თირკმლების მდგომარეობაზე, რის გამოც მას მუდმივი დიალიზი სჭირდება. კადიროვის ჯანმრთელობის სერიოზული გაუარესების ერთ-ერთ არაპირდაპირ მტკიცებულებად, გამოცემა მედიაში პოლიტიკოსის შვილების გააქტიურებულ პიარსაც მიიჩნევდა. საუბარია მისი შვილების უკრაინაში გაგზავნაზე, ახმატ კადიროვის უფროსი ვაჟის შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და მისი ვაჟების აქტიურ ჩართულობაზე რესპუბლიკის მართვის საქმეებში.
  • აპრილში ტელეგრამის არხში გამოჩნდა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის სარბენ ბილიკზე ვარჯიშის ამსახველი ვიდეო მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა მისი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ განაცხადეს. ვიდეო 25 წამს გრძელდება, კადიროვი მასში ამბობს, რომ ავადმყოფობისთვის არ სცალია. მსგავსი ვიდეო ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა მარტის ბოლოს საკუთარი სახლის სპორტული დარბაზიდანაც გამოაქვეყნა.
  • ივლისში, მსგავსი ჭორების ფონზე, ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს თავის ადგილას "ვინმეს ძებნის" აუცილებლობას და, რომ აპირებს მონაწილეობა მიიღოს 2026 წლისთვის დანიშნულ მომდევნო ჩეჩნეთის მეთაურის არჩევნებში.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG