Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო ღალატი თუ ქრთამი? - რისთვის დააპატიმრეს სერგეი შოიგუს მოადგილე


რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი სანქცირებული იყო აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტიმურ ივანოვი სანქცირებული იყო აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.

რუსეთში 48 საათის განმავლობაში ქრთამის აღების ბრალდებით ჯერ დააკავეს, შემდეგ კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, გენერალ ტიმურ ივანოვს.

მას ბარალს სდებენ თანამდებობის ბოროტად სარგებლობასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში. ამავე საქმეზე ივანოვთან ერთად ეჭვმიტანილია პირთა წრე. ერთ-ერთ მათგანს, ბიზნესმენ სერგეი ბოროდინს 24 აპრილს ბასმანის სასამართლომ ასევე მიუსაჯა ორთვიანი წინასწარი პატიმრობა.

მაგრამ გამოცემა "ვაჟნიე ისტორიი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ ტიმურ ივანოვის დაპატიმრების რეალური მიზეზი შესაძლოა სახელმწიფო ღალატი იყოს.

"ქრთამი პუბლიკისთვისაა, რადგან [ხელისუფლებას] ჯერჯერობით სახელმწიფო ღალატზე საჯაროდ არ სურს ლაპარაკი", - უთხრა ერთ-ერთმა წყარომ "მედუზას".

ივანოვის დაცვის მხარე და რუსეთის ხელისუფლება ამ ვერსიას სიცრუეს და სპეკულაციას უწოდებენ.

"შოიგუს კაცი" ხანგრძლივი "ოპერატიული დამუშავების" ქვეშ

გენერალი ტიმურ ივანოვი, რომელიც სამხედრო უწყებაში საკმაოდ მნიშვნელოვან სფეროებს კურირებდა, სამხედრო უწყების ხელმძღვანელ სერგეი შოიგუსთან დაახლოებულ პირად ითვლება. გამოცემა "ვიორსტკა" ივანოვს უწოდებს "შოიგუს კაცს" და ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მოსკოვის ოლქის მთავრობიდან სამხედრო სტრუქტურაში 2013 წელს ტიმურ ივანოვი სწორედ სერგეი შოიგუმ გადაიყვანა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებსაიტის თანახმად, ტიმურ ივანოვი 49 წლისაა. 1999-2012 წლებში მუშაობდა საწვავის და ენერგეტიკული კომპლექსის საწარმოებში, შემდეგ მოსკოვის საოლქო მთავრობაში. 2013 წლიდან 2016 წლამდე „ობორონსტროის“ გენერალურ დირექტორი იყო. 2016 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულებით თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მაგრამ ეს მოხდა სერგეი შოიგუს წარდგინებით და, როგორც დამოუკიდებელი საინტერნეტო გამოცემები წერენ, სწორედ სერგეი შოიგუმ, პუტინის მთავრობის ერთ-ერთმა ყველაზე სტაჟიანმა თავდაცვის მინისტრმა ჩააბარა ტიმურ ივანოვს სამხედრო უწყების "შიდა ბიზნესი".

"შოიგუს კაცი" 8 წლის განმავლობაში კურირებდა რუსეთის ჯარების საცხოვრებელი ყაზარმების, სამინისტროს ობიექტების მშენებლობა-რემონტისა და სამხედრო იპოთეკებთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც РБК აღნიშნავს, ივანოვი ჩართული იყო ასევე რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარი ტაძრის მშენებლობის საქმეში.

2022 წლის დეკემბერში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის გუნდმა ტიმურ ივანოვის ოჯახის შესახებ გამოძიება გამოაქვეყნა. მასალაში ნათქვამი იყო, რომ ივანოვმა და მისმა ცოლმა სვეტლანამ მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს შვებულებაში, ვილების და იახტების, სამკაულების და ტანსაცმლის დაქირავებაში. თანამდებობის პირის ცოლის პირადი ხარჯი კი აანაზღაურა კომპანიამ, რომელიც ომით განადგურებული უკრაინის ქალაქის, მარიუპოლის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებს.

ალექსეი ნავალნის გუნდის ჩატარებულ გამოძიებაზე კრემლს არანაირი რეაქცია არ ჰქონია. სამაგიეროდ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე სანქცირებული იყო აშშ-ის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.

როდესაც სააგენტო "ტასმა" 23 აპრილს ტიმურ ივანოვის დაკავების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, მასში ისიც იყო ნათქვამი, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა "ოპერატიული დამუშავების" ქვეშ, რასაც რუსეთის ეფესბეს (ფედერალური უშიშროების სამსახურის) სამხედრო კონტრდაზვერვის დეპარტამენტი აწარმოებდა.

"მოდი, ასე ვთქვათ, რომ ის ოპერატიული დამუშავების ქვეშ არც გუშინ აღმოჩენილა, არც გუშინწინ და არც თუნდაც ერთი თვის წინ. სხვა საკითხებთან ერთად, [გამოძიების] მასალები ეფუძნება მოწმეთა ჩვენებას და ოპერატიული საქმიანობის შედეგებს", - განაცხადა წყარომ.

23 აპრილს სწორედ კონტრდაზვერვის თანამშრომლებმა მიაკითხეს დაღესტანში ტიმურ ივანოვის აგარაკს, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ქრთამის აღებაში ეჭვმიტანილი რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე კი სამუშაო კაბინეტში დააკავეს და საგამოძიებო კომიტეტს ჩააბარეს.

"პუტინი დაარწმუნეს, რომ ივანოვის საქმე სახელმწიფო ღალატს ეხება"

ტიმურ ივანოვის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისთვის ჩატარებულ საიჯარო საქმიანობის დეტალებს იკვლევს. გამოძიება მიიჩნევს, რომ თავდაცვის მინისტრის მოადგილე "დანაშაულებრივ გარიგებაში შევიდა მესამე პირებთან". ივანოვთან ერთად დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც, გამოძიების ვერსიით, "შუამავლების რთული ჯაჭვის" მეშვეობით ფულის გადაცემაში მონაწილეობდნენ.

ერთ-ერთი მათგანია ბიზნესმენი სერგეი ბოროდინი, რომელსაც საგამოძიებო კომიტეტმა ასევე წაუყენა ქრთამის აღების ბრალდება. სააქციო საზოგადოება "სკ კრასნიე ზვიოზდის" დამფუძნებელი სერგეი ბოროდინი მეგობრობდა გენერალ ტიმურ ივანოვთან და, გამოძიების ვერსიით, მონაწილეობდა ივანოვის ორგანიზებით შექმნილ დანაშაულებრივ ჯგუფში.

თავად გენერალი ტიმურ ივანოვი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ხოლო მისი ადვოკატი დენის ბალუევი ირწმუნება, რომ მისი კლიენტის სისხლის სამართლის საქმეში არ ფიგურირებს ქრთამისა თუ ნებისმიერი ფინანსური ჯილდოს გადაცემის ფაქტი.

გამოცემა „ვაჟნიე ისტორიი“ ეფესბეს ორ ანონიმ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ გენერალ ტიმურ ივანოვის დაპატიმრების ნამდვილი მიზეზი სახელმწიფო ღალატია და არა ქრთამის აღება.

„კორუფციისთვის მას არავინ არ დააპატიმრებდა. ამის თაობაზე იქ [კრემლში] დიდი ხნის წინ იცოდნენ ყველაფერი. პუტინმა [ივანოვის დაკავების] ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ის დაარწმუნეს, რომ საქმე სწორედ სახელმწიფო ღალატს ეხება“, - აღნიშნა წყარომ და დასძინა, რომ კრემლში ამჟამად წყვეტენ, თუ რა მოუხერხონ ივანოვს. „მას ან ჩასვამენ ქრთამისთვის და ზონაში მოუღებენ ბოლოს, ანდა ბრალდებას სახელმწიფო ღალატად გადააკვალიფიცირებენ“.

სახელმწიფო ღალატის შესახებ ვერსიას "სპეკულაცია" უწოდა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს ურჩია, რომ "ოფიციალურ ინფორმაციაზე ორიენტირდნენ".

ქრთამის აღების ბრალდებით რუსეთის თავდაცვის მინისტრის სტაჟიანი მოადგილის დაპატიმრებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა რუსეთში. სამხედრო ჟურნალისტები და უწყებასთან დაკავშირებული დეპუტატების ერთი ნაწილი არ გამორიცხავენ, რომ ტიმურ ივანოვით დაპატიმრებათა სერია არ დასრულდება.

მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ შესაძლოა ტიმურ ივანოვს პირობითი სასჯელი აკმარონ, თუ ის დანაშაულის გამოსასყიდად პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს უკრაინაში მიმდინარე სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში (ასე უწოდებს კრემლი ფართომასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ - რედ.) წასვლის თხოვნით მიმართავს.

თავის დროზე ასე მიაღწია ამნისტიას სერგეი შოიგუს წინამორბედმა, რუსეთის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ანატოლი სერდიუკოვმა.

2012 წელს სერდიუკოვი თანამდებობიდან მოხსნეს თავდაცვის სამინისტროში მასშტაბური გაფლანგვის გამოძიების პროცესში. მაგრამ 2014 წელს ის ამნისტირებულ იქნა, როგორც საქართველოში 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის მონაწილე. ამჟამად სერდიუკოვი სახელმწიფო კორპორაცია „როსტეხის“ ერთ-ერთი მაღალი რანგის მენეჯერია.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG