Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენს ხარჯავს ქართველი მოგზაური საზღვარგარეთ, სად და რაში


ქართველი „მოგზაურები“ ყველაზე ხშირად თურქეთში დადიან
ქართველი „მოგზაურები“ ყველაზე ხშირად თურქეთში დადიან

თითქმის 700 000-ჯერ გავიდნენ ბოლოს სამ თვეში საქართველოს მოქალაქეები სხვა ქვეყნებში და 514 მილიონი ლარი დახარჯეს. მათი მოგზაურობა საქსტატის ახალ ანგარიშშია აღწერილი, რომელსაც „გამყვანი ტურიზმის სტატისტიკა“ ჰქვია.

მაგრამ ფორმალური ტერმინოლოგიის მიღმა, იგივე სტატისტიკა უჩვენებს, რომ ამ ადამიანების მხოლოდ მცირე ნაწილია თავისი არსით „ტურისტი“ - დამსვენებელი. ამ სტატიაში:

  • გაგაცნობთ უახლეს მონაცემებს და აგიხსნით, როგორ წაიკითხოთ ეს რიცხვები;
  • გაჩვენებთ, როგორ აღწერს სტატისტიკა იმას, თუ სად და რა მიზნით დადიან საქართველოს მოქალაქეები საზღვარგარეთ.

დავიწყოთ უახლესი სტატისტიკით:

2023 წლის II კვარტალში საქართველოს მოქალაქეებმა, საქართველოს საზღვარი სხვა ქვეყნის მიმართულებით 697 800-ჯერ გადაკვეთეს. ანუ თითქმის 700-ათასჯერ გავიდნენ ქვეყნიდან.

ეს რიცხვი, საქსტატის თანახმად, „მოგზაურების საზღვარგარეთ გასვლას“ ასახავს. მიუხედავად ასეთი ფორმულირებისა, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის გარეთ 700 000-მდე მოქალაქე გავიდა, ან ყველა მათგანი ტურისტი იყო.

  • სტატისტიკაში აღირიცხება არა ადამიანების რაოდენობა, არამედ მხოლოდ საზღვრის კვეთის რაოდენობა.
  • საერთო რიცხვში ერთი და იგივე ადამიანი შეიძლება, რამდენჯერმე მოხვდეს.
  • „მოგზაურების“ განმარტება ასეთია: „ნებისმიერი ასაკის პირი, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალს შორის ნებისმიერი ხანგრძლივობითა და მიზნით“.

ანუ „მოგზაურია“ საქართველოს აბსოლუტურად ყველა მოქალაქე, რომელმაც საზღვარი ერთხელ მაინც გადაკვეთა.

ეს მაჩვენებელი შარშანდელი მე-2 კვარტალის მაჩვენებელზე 35%-ით არის გაზრდილი. ეს ლოგიკურია - საქსტატის სხვა მონაცემები აჩვენებს, რომ ეკონომიკური აქტივობა გაზრდილია.

„მოგზაური“ გასაგებია - „ვიზიტორი“ რაღას ნიშნავს?

„მოგზაურებში“ შედიან „ვიზიტორები“. ეს ტერმინი მიემართება

  • 15+ ასაკის მოგზაურს, რომელიც ქვეყნიდან ერთ წელზე ნაკლები დროით გავიდა;
  • ვიზიტორებში არ შედიან:
    • დასაქმების მიზნით წასულები;
    • დიპლომატები;
    • შეიარაღებული ძალების წევრები ან მათ კმაყოფაზე მყოფი პირები.
    • არასრულწლოვნები 15 წელს ქვემოთ.

2022 წლის მე-2 კვარტალთან შედარებით მომატებულია „ვიზიტორების ვიზიტებიც“ - ასე წერს საქსტატი. „ვიზიტორები“ წელს აპრილი-მაისი-ივნისის პერიოდში ჯამში 543 600-ჯერ გავიდნენ ქვეყნიდან - ზრდა შარშანდელთან შედარებით 34%-ია.

ერთი სიტყვით, მომატებულია როგორც „მოგზაურობები“, ასევე „ვიზიტები“.

უფრო მეტად უნდა დაგაბნიოთ

„ვიზიტორების ვიზიტებში“ ორი ქვეკატეგორია გამოიყოფა: „ტურისტული“ და „ექსკურსიული“ ვიზიტები.

  • „ტურისტი“ არის ვიზიტორი, რომელმაც, სულ მცირე, ერთი ღამე მაინც გაათენა უცხო ქვეყანაში;
  • „ექსკურსანტი“ კი არის ვიზიტორი, რომელიც უცხოეთში ღამეს არ ათენებს - საზღვარს კვეთს და იმავე დღეს ბრუნდება.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ მათმა უმრავლესობამ, ვინც საზღვარი გადაკვეთა, იქ ერთი ღამე მაინც გაათია.

ამ პერიოდში მოქალაქეები საშუალოდ 6 ღამით გადიოდნენ ქვეყნიდან. მედიანური (ზრდის მიხედვით დალაგებული მონაცემებიდან შუა ჭრილი) რიცხვი უცნობია. რამდენიმე ასეული ადამიანის გრძელვადიან ვიზიტს კი შეუძლია, საშუალო მონაცემი მნიშვნელოვნად გაზარდოს.

ტურისტები თუ „ტურისტები“?

საქსტატი ახალ ანგარიშში აღნიშნავს, რომ წელს მე-2 კვარტალში აღრიცხეს „331.7 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 50.1%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე“.

მაგრამ არც ეს „ტურისტული ტიპის ვიზიტი“ აღნიშნავს იმას, რასაც ჩვეულებრივ ტურიზმს ვუწოდებთ ხოლმე. მონაცემები აჩვენებს, რომ იმ სამ თვეში ვიზიტორებიდან დასვენება-გართობა-რეკრეაციის მიზნით ამ პერიოდში მხოლოდ 14.6% გავიდა.

კიდევ ერთხელ: „ვიზიტორთა“ საერთო რაოდენობა 543 600-ია. და მათგან სამ თვეში მხოლოდ 79 400 ადამიანი იყო საზღვარგარეთ დასასვენებლად წასული.

მაშ, რა მიზნით მიდიან?

საქსტატი, დასვენების გარდა, ოთხ მიზეზს გამოყოფს:

  • ყველაზე ხშირად მეგობრების/ნათესავების მოსანახულებლად დადიან;
  • დადიან საყიდლებზე
  • პროფესიული/ეკონომიკური საქმიანობის მიზნით
  • სამკურნალოდ/„გასაჯანსაღებლად“.

სხვადასხვა მიზნით წასულების ზუსტი რაოდენობა და პროცენტული მაჩვენებლები კი ასეა გადანაწილებული:

სად დადიან?

ყველაზე ხშირად თურქეთსა და რუსეთში.

საქართველო-თურქეთის საზღვარი სამთვიან პერიოდში 236 700-მდა მოქალაქემ გადაკვეთა, საქართველო-რუსეთისა - 79 900-მა.

თურქეთის საზღვრისპირა აჭარის რეგიონის მოსახლეობა ძალიან ხშირად კვეთს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს - მედიკამენტების, პროდუქტებისა თუ ტანისამოსის საყიდად. ამ სტატისტიკაში, სავარაუდოდ, სწორედ მათ უკავიათ დიდი წილი.

საქართველო-რუსეთს შორის ყველაზე ხშირად კი ის მოქალაქეები დადიან, რომელთაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ. მათ ნაწილს ბიზნესი აქვს რუსეთში. და, რუსეთი არც ითვლება „ტურისტულ მიმართულებად“.

მესამე ადგილზეა „ევროკავშირის ქვეყნები“, თუმცა ჯამურად. ევროკავშირის ცალკეული ქვეყნების სტატისტიკა გამოყოფილი არ არის.

ასე რომ, რეალურ მესამე ადგილს სომხეთი იკავებს 13.9%-ით. სავარაუდოდ, ამ ვიზიტების უმრავლესობა საქართველოს ეთნიკურ სომეხ მოქალაქეებზე მოდის, რომელთა ნაწილიც სასაზღვრო რეგიონებზე მოდის და რომლებიც ხშირად დადიან ორ ქვეყანას შორის.

აზერბაიჯანში ვიზიტების წილი 2.6%-ია.

ჩვეულებრივ, საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოქალაქეებიც ხშირად კვეთენ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარს, მაგრამ აზერბაიჯანს პანდემიის შემდეგ დღემდე აკრძალული აქვს სახმელეთო მიმოსვლა, ფრენები კი ძვირია.

სწორედ ამიტომ მიმართეს რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა თხოვნით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს, რამე იღონოს ამ პრობლემის გადასაჭრელად. „ბევრ ჩვენგანს ჰყავს ოჯახები საზღვრის ორივე მხარეს, მაგრამ დიდი ხანია, ერთმანეთს ვერ ნახულობენ“, - წერია მიმართვაში.

სტატისტიკაში აზერბაიჯანში ვიზიტების დაბალი პროცენტული მაჩვენებლის განმსაზღვრელი ძირითადი მიზეზი სწორედ ეს გარემოება შეიძლება იყოს.

„მეგობრების/ნათესავების მონახულებას“ საერთო სტატისტიკაში 33.3% უკავია.

რაში ხარჯავენ ფულს?

საქართველოს მოქალაქეებმა მხოლოდ აპრილი-მაისი-ივნისის პერიოდში საზღვარგარეთ 514 მილიონი ლარი დახარჯეს - წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 12.6%-ით მეტი.

საშუალოდ ერთი ადამიანი ერთ გასვლაზე 946 ლარს ხარჯავდა (კიდევ ერთხელ - ეს საშუალო მონაცემებია).

საინტერესოა ისიც, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 15.9%-ით არის შემცირებული შარშანდელთან შედარებით.

ყველაზე მეტი საყიდლებსა და საკვებზეა დახარჯული.

„განთავსებაზე“ - ანუ სასტუმროს ან ბინის ქირაობაზე ხარჯების მხოლოდ 14% მოდის. „გასართობ, გამაჯანსაღებელ, კულტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე“ კი - მხოლოდ 4.1%.

XS
SM
MD
LG