Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მგზავრობა, სასტუმრო, აკრედიტაცია - დავითვალეთ რა ჯდება „ბერლინალეზე“ წასვლა


საქართველოს დელეგაცია ქართული კინოს სტენდს 2024 წელსაც წარადგენს, თუმცა შემადგენლობით, რომელიც კრიტიკისა და პროტესტის მიზეზი გახდა. 
საქართველოს დელეგაცია ქართული კინოს სტენდს 2024 წელსაც წარადგენს, თუმცა შემადგენლობით, რომელიც კრიტიკისა და პროტესტის მიზეზი გახდა. 

„ბერლინალეს“ კინობაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი 34-კაციან დელეგაციას გზავნის. ვიზიტის ხარჯები საჯარო არ არის. რადიო თავისუფლებამ ეს ინფორმაცია ოფიციალურად გამოითხოვა და პარალელურად დაითვალა, რა შეიძლება დაჯდეს ფესტივალზე აკრედიტებული სტუმრის ერთი დღე ბერლინში.

ბერლინში, საერთაშორისო კინოფესტივალი „ბერლინალე“ წელს 74-ედ იმართება. ფესტივალის ნაწილია ევროპული კინოს ბაზრობა (EFM), რომელშიც საქართველო 2006 წლიდან მონაწილეობს. ქართულ სტენდს 19-წლიანი ისტორია აქვს. საქართველოდან წასული დელეგაცია ქართული კინოს სტენდს 2024 წელსაც წარადგენს, თუმცა შემადგენლობით, რომელიც კრიტიკისა და პროტესტის მიზეზი გახდა.

ვინ მიდის „ბერლინალეზე“

კინობაზრობის ვებგვერდის თანახმად, საქართველოს დელეგაციის წევრები არიან კინოცენტრის 5 მოქმედი თანამშრომელი, მათ შორის - დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, კობა ხუბუნაია და ფილმწარმოების დეპარტამენტის უფროსი, ბაჩო ოდიშარია. დანარჩენი 29 კაციდან 12 კინოექსპორტის სპეციალისტად/მენეჯერადაა გაფორმებული. მათი უმრავლესობა პროფესიით რეჟისორი, სცენარისტი ან პროდიუსერია.

კინოცენტრის სახელით „ბერლინალეზე“ „იმედისა“ და „პოსTV“-ს ხუთი ჟურნალისტიც მიდის. მათ შორისაა მომღერალი ნინი ბადურაშვილი. „პოსTV“-ს ჟურნალისტ სალომე გობრონიძეს კინოცენტრი „ბერლინალეზე“ პიარის დეპარტამენტის თანამშრომლის სტატუსით აგზავნის, ამავე არხის წამყვან გური სულთანიშვილს კი - კინოექსპორტის სპეციალისტად.

კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტეს "ბერლინალეს" 2024 წლის დელეგაციის შემადგენლობა
კულტურის სამინისტროსთან გააპროტესტეს "ბერლინალეს" 2024 წლის დელეგაციის შემადგენლობა

პიარის დეპარტამენტის სახელით „ბერლინალეზე“ მიემგზავრებიან კულტურის სამინისტროს თანამშრომლებიც.

დელეგაციის წევრების დიდ ნაწილის „ბერლინალეზე“ გამგზავრების, სასტუმროში ცხოვრებისა და აკრედიტაციის ხარჯებს კინოცენტრი ბიუჯეტიდან გადაიხდის.

ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ბერლინალეს დელეგაციის 4-მა წევრმა დაუდასტურა, მათ შორისაა მომღერალი ნინი ბადურაშვილი, ანიმაციის მკვლევარი ქეთევან ჯანელიძე, სცენარისტი გიორგი ჭუმბურიძე, პროდიუსერი დავით კერესელიძე.

კონტრაქტები

კინოცენტრს უფლება არ აქვს, მივლინების ხარჯები გადაიხადოს დელეგაციის იმ წევრებისთვის, რომლებიც მისი თანამშრომლები არ არიან.

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულმა ორგანიზაციამ პროდიუსერების, რეჟისორების, სცენარისტებისა და ჟურნალისტების ნაწილს ერთთვიანი შრომითი ხელშეკრულებები გაუფორმა.

სცენარისტი გიორგი ჭუმბურიძე და „პოსTV“-ს წამყვანი გური სულთანიშვილი ამბობენ, რომ კინოცენტრი მათ 200 ლარს გადაუხდის. მაგალითად, გური სულთანიშვილთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობაა, რომ „ბერლინალეზე“ გადაღებულ ვიდეოებს წამყვანი პირად Youtube-არხზე ატვირთავს.

დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, ანიმაციის მკვლევარი ქეთევან ჯანელიძეც ადასტურებს, რომ ხელშეკრულებას ხელი მანაც მოაწერა. ის ბერლინში 14 თებერვალს გაემგზავრება და თბილისში 21 თებერვალს ფესტივალის დასრულების შემდეგ ჩამოვა.

„რეორგანიზაციის შემდეგ კინოცენტრში 25-მდე თანამშრომელია და "ბერლინალეზე" 34 მიდის, იმაზე მეტი, ვიდრე მუშაობს, თან თანამშრომლის სტატუსით. დელეგაციის მონაწილე ხალხს კინოცენტრის ექსპორტის სპეციალისტობა დააბრალეს, "ბერლინალეც" მოატყუეს, თითქოს სპეციალისტები არიან, კინოცენტრის თანამშრომლებად გაფორმების მიზანი კი სამივლინებო თანხის ჩარიცხვა იყო“, - ამბობს დავით ვაშაძე, ეროვნული კინოცენტრის საერთაშორისო დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც წლების განმავლობაში კინოფესტივალებში მონაწილეობას გეგმავდა.

ცხოვრებას კინოცენტრი დაუფინანსებს, მგზავრობის ხარჯებს კი თავად დაფარავს პროდიუსერი დავით კერესელიძე.

„ესპანეთიდან გერმანიაში ჩემი ფინანსებით გავემგზავრები. ადგილზე ხარჯებს საკუთარ თავზე კი კინოცენტრი აიღებს, ამის მოლოდინი მაქვს. თავად დამირეკეს და დელეგაციის წევრობა მთხოვეს. გერმანულენოვანი ვარ, ბევრს ვიცნობ და კონტაქტებში დავეხმარები“, - ამბობს პროდიუსერი.

სასტუმროს საფასური და ყოველდღიური ხარჯი

საჯარო და კერძო უწყებებში სამსახურებრივი მივლინებისთვის თანხებს ფინანსთა სამინისტრო ადგენს. სახელმწიფო დადგენილებაში წერია, რომ გერმანიაში ცხოვრებისას სასტუმროს ღირებულება ერთ დღე-ღამეში 180 ევროს არ უნდა აღემატებოდეს (კინოფესტივალის პერიოდში ბერლინში სასტუმროები განსაკუთრებით ძვირდება). გერმანიაში, მნიშვნელობა არ აქვს ქალაქს, მოკლევადიანი მივლინებისას ყოველდღიურ ხარჯად 65 ევროა დაწესებული.

აკრედიტაციის ფასები

„ბერლინალეზე“ ხუთი ტიპის აკრედიტაცია გაიცემა:

  • კინობაზრობის;
  • ფესტივალის;
  • კინობაზრობისა და ფესტივალის ერთად;
  • ონლაინკინობაზრობის;
  • პრესა აკრედიტაციას ცალკე იღებს.

საფასური განსხვავებულია. ღირებულება იკლებს ან იმატებს იმის მიხედვით, თუ როდის შეავსეთ აპლიკაცია. პრესის აკრედიტაცია 8-ჯერ უფრო იაფია, სხვებთან შედარებით.

ვინაიდან, კინოცენტრის დელეგაციის წევრების სია „ბერლინალეს“ კინობაზრობის საიტზეა გამოქვეყნებული, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ ან მხოლოდ კინობაზრობისთვის საჭირო აკრედიტაცია იყიდეს, ან ფესტივალის და ბაზრობის ერთად. ამ აკრედიტაციის საშუალო ფასი 530 ევროა.

კინოცენტრის დელეგაციის წევრ ჟურნალისტებს მარკეტისა და ფესტივალის აკრედიტაცია აქვთ.

„მე არც კინოკრიტიკოსი ვარ და არაფერი, არ მაქვს პრეტენზია, რომ კინოები მიმოვიხილო, ჩემი ვალდებულებაა გავაშუქო, რა ხდება“, - უთხრა ნინი ბადურაშვილმა რადიო თავისუფლებას. ის ტელეკომპანია „იმედისთვის“ სიუჟეტს მოამზადებს.

კინოფესტივალი "ბერლინალე" 15 თებერვალს აიღებს სტარტს და ერთ კვირაში, 21 თებერვალს დასრულდება
კინოფესტივალი "ბერლინალე" 15 თებერვალს აიღებს სტარტს და ერთ კვირაში, 21 თებერვალს დასრულდება

მგზავრობა და დაზღვევა

დღეს რომ თბილისიდან ბერლინისკენ ბილეთს ყიდულობდეთ, flyscanner-ის მიხედვით, მაქსიმუმ 400 ევროს გადახდა დაგჭირდებოდათ. ბილეთის მინიმალური საფასური (ორივე გზა) 250 ევროა. ერთი კვირის განმავლობაში დაზღვევის საფასური კი - მინიმუმ, 10 ევრო.

ამ სავარაუდო დათვლით (რადიო თავისუფლებამ სავარაუდო ფასებიდან მინიმალური დააჯამა), გამოდის, რომ კინოცენტრს „ბერლინალეზე“ ერთი დღით ერთი კაცის წაყვანა საშუალოდ 1035 ევრო დაუჯდება. ეს იმ შემთხვევაში, თუ დელეგატის ყველა ხარჯს კინოცენტრი გადაიხდის.

ამ ხარჯებს დაემატება დელეგაციის წევრებისთვის გაფორმებული დროებითი ხელშეკრულებებით მათი სამუშაოს ანაზღაურებაც.

კინოცენტრს ასევე ექნება თავისი სტენდი, რაც საშუალოდ 15-დან 20 000-მდე ევრო უნდა დაჯდეს: 18 კვადრატული მეტრი სივრცის ქირაობა დაახლოებით - 9000 ევრო, დიზაინი 2000 ევრო, პლუს ე.წ. ეთნოკუთხის მოწყობა.

კინოცენტრში ჯერ არ უთქვამთ, რამდენი დღით მიემგზავრებიან მისი წარმომადგენლები გერმანიაში, თუმცა ფესტივალი ერთკვირიანია - 15 თებერვალს იწყება და 21-ში მთავრდება.

წინა წლების და სხვა ქვეყნების გამოცდილება

კინოცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები გვეუბნებიან, რომ მივლინებებზე ბიუჯეტიდან საშუალოდ 200 000 ლარი იყო ხოლმე გამოყოფილი. „ბერლინალეს“ მსგავს ღონისძიებებზე კი ორგანიზაციის სახელით მხოლოდ კინოცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ - 4-დან 6 ადამიანამდე. სხვა ყველა კი სამოგზაურო გრანტების კონკურსში მონაწილეობდა.

„კინოფესტივალზე წასვლის მსურველი კინემატოგრაფებისთვის კონკურსს ვაცხადებდით ხოლმე, ვაწესებდით კრიტერიუმებს და არჩეულებისგან ვაკომპლექტებდით დელეგაციას. ასეთ დროსაც კი მხოლოდ მგზავრობის თანხას ვუფინანსებდით. სამგზავრო გრანტით ვერ ისარგებლებ, თუ მოწვევა არ გაქვს, არც ფილმს წარადგენ და არც პროექტს“, - ამბობს კინოცენტრიდან რეორგანიზაციის მიზეზით გათავისუფლებული ნინო კუხალაშვილი, რომელიც დირექტორის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

რადიო თავისუფლებამ კინოცენტრში ვერ დააზუსტა, ისარგებლა თუ არა დელეგაციის რომელიმე წევრმა სამოგზაურო გრანტით.

„კინოს შესახებ“ კანონში არის მუხლი, რომელიც კინოცენტრს უფლებას აძლევს სრულად დააფინანსოს ის კინოგუნდი, რომლის ფილმსაც „ა“ კატეგორიის ფესტივალზე უჩვენებენ. ასეთია „ბერლინალეც“. თუმცა კინოცენტრი წელს ამ ფესტივალზე მწირი პროგრამითაა წარმოდგენილი.

საჭიროების შემთხვევაში კინოცენტრს მოკლევადიანი ხელშეკრულებების გაფორმება არ ეკრძალება:

„თუმცა არა ამ რაოდენობით. აქ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების არამიზნობრივ ხარჯვასთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია ამდენი ადამიანი სჭირდებოდეთ, და თუ სჭირდებათ, დაასაბუთონ რატომ“, - ამბობს ნინო კუხალაშვილი.

გაგა ჩხეიძე, რეორგანიზაციამდე კინოცენტრის დირექტორი, დელეგაციის შემადგენლობას სკეპტიკურად უყურებს და მათი ნაწილის პროფესიონალიზმშიც ეჭვი შეაქვს.

გაგა ჩხეიძე, კინოცენტრის ყოფილი დირექტორი
გაგა ჩხეიძე, კინოცენტრის ყოფილი დირექტორი

„34 კაცი რომ მიგყავს, ან ფილმის შემსყიდველი უნდა იყო, ან გამყიდველი. თუ ეს ფუნქცია არ გაქვს, რა საჭიროა ამხელა დელეგაცია, კონტაქტების მოზიდვით ამხელა ხარჯებს ვერ გავამართლებ. თანაც, იმ ფონზე, როცა კინოცენტრი თავის სხვა ვალდებულებებს არ ასრულებს, მათ შორის არ აცხადებს ფილმების დასაფინანსებლად კონკურსებს უკვე ერთი წელია“, - ამბობს კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე და ამატებს:

„კინოცენტრი იმართება ზემოდან და თანამშრომლები ვერაფერს წყვეტენ. დარწმუნებული ვარ, ზის მინისტრი და "ჩოთქავს", რასაც უნდა, იმას ამოიღებს და იმას ჩასვამს“.

„ბერლინალეს“ წლევანდელ კინობაზრობაზე:

  • საფრანგეთის ეროვნულ კინოცენტრს ეყოლება 8 წარმომადგენელი;
  • ჩეხეთის კინოფონდს - 5;
  • გერმანიის კინოფონდს - 17;
  • სომხეთს - 3;
  • ესპანეთს - 5;
  • საქართველოს - 34.

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი, კრიტიკას არ ეთანხმება. ის განმარტავს, რომ დელეგაციის წევრების ნაწილს ბიუჯეტი სრულად დააფინანსებს, ნაწილს კი საჭიროების მიხედვით.

"ბიუჯეტიდან დაიხარჯება თანხები ზუსტად ისე, როგორც წინა წლებში იხარჯებოდა. მაშინ ყოველ წელს მინიმუმ 20-კაციანი დელეგაცია მიემგზავრებოდა სახელმწიფოს ხარჯზე.

აქ ყიყინის მიზეზი იცით რა არის? მიჩვეულები იყვნენ ერთი და იგივე ადამიანები, რომ ბერლინალეზე წასვლა სახელმწიფოს ხარჯზე გარანტირებული ჰქონდათ და ახლა ვეღარ მიდიან, ამიტომ ყიყინებენ", - თქვა რადიო თავისუფლების კითხვის საპასუხოდ, თეა წულუკიანმა. მას არ დაუსახელებია ზუსტი თანხა, რომელიც ბიუჯეტიდან ფესტივალზე ვიზიტისთვისაა გამოყოფილი.

ორი ქართული სტენდი ერთ ფესტივალზე

2024 წელს „ბერლინალეზე“ პირველად იქნება ორი ქართული სტენდი - ერთი კინოცენტრის 34-კაციანი დელეგაციის, მეორე კი კინოცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლების.

მათ „საქართველოს კინოინსტიტუტის“ სახელით დაფინანსებაც და ადგილიც „ბერლინალეს“ კინობაზრობაზე სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად მოიპოვეს.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის სექციაში „ფორუმი“ ქართულ ფილმს, ლანა ღოღობერიძის „დედა-შვილსაც“ უჩვენებენ. ეს ფილმი ფესტივალზე არა კინოცენტრის, არამედ „კინოინსტიტუტის“ მხარდაჭერით წარადგინეს.

რა მიაქვს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ კინოცენტრს „ბერლინალეს“ ბაზრობაზე, ვის ხვდებიან და რას გამოფენენ ქართულ სტენდზე, ამ დრომდე არ გასაჯაროებულა.

XS
SM
MD
LG