Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

განვიცდი, რაც ხდება. ვიმსახურებთ, ვიყოთ ევროპის ნაწილი - ხვიჩა კვარაცხელია


„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება“ - ხვიჩა კვარაცხელია
„ძალიან განვიცდი იმას, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება“ - ხვიჩა კვარაცხელია

საქართველოს ნაკრების შემტევი ფეხბურთელი ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს „უცხოეთის აგენტების“ კანონთან დაკავშირებით და წერს: „მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მუდამ ვიდგები სადაც ჩემი საქართველოა“.

„ძალიან განვიცდი იმას რაც დღეს ჩემს ქვეყანაში ხდება. მიჭირს ამ ყველაფრის ყურება. მინდა, მკაფიოდ დავაფიქსირო ჩემი აზრი და ვთქვა რომ ჩვენ ვიმსახურებთ ვიყოთ ევროპის ნაწილი და ამაში ხელი არაფერმა უნდა შეგვიშალოს. მინდა ყველა ისეთი ერთიანი და ბედნიერი ვიყოთ როგორც 26 მარტს“, - წერს იგი ფეისბუკზე.

„არ მინდა, ჩემი სიტყვები ვინმემ სასიკეთოთ გამოიყენოს, მით უმეტეს იმ ხალხმა, ვინც ჩემს ყოველ ნაბიჭს აკრიტიკებდა და დამცინავად უყურებდა. მე მიყვარს თითოეული ქართველი, მე მიყვარს ჩემი საქართველო და მთელი ჩემი საქმიანობა და მიღწევებიც ჩემი ქვეყნისთვის, მისი წარმატებისთვისაა და ევროპული მომავლისთვის და ჩემი სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება. მწყდება გული, რომ დღეს სიტყვებით უფრო ვაფასებთ ადამიანის პატრიოტიზმს, ვიდრე საქციელით. არა ყველაფერს, რაც გვაპირისპირებს! კი საქართველოს წინსვლას და გამარჯვებას! მე ვარ საქართველო“, - წერს ხვიჩა კვარაცხელია.

მან 17 აპრილსაც დაწერა პოსტი ქვეყნის ევროინტეგრაციის შესახებ.

ეს პოსტი დროში დამთხვა „აგენტების კანონის“ განხილვას, რომლის მიღებასაც საქართველოს მოქალაქეები აპროტესტებენ და მას რუსულ კანონს უწოდებენ.

„საქართველოს გზა ევროპაშია. ევროპული გზა გვაერთიანებს! წინ ევროპისკენ! მშვიდობა საქართველოს“, - დაწერა მან მაშინ.

არაერთი ყოფილი და მოქმედი ფეხბურთელი გამოეხმაურა „აგენტების კანონს“, მის საწინააღმდეგო დემონსტრაციებს და პოლიციის მიერ ძალის გამოყენებას დემონსტრანტების წინააღმდეგ.

ვეტერანმა ფეხბურთელმა შოთა არველაძემ ხელისუფლებას მოუწოდა, გაიწვიოს სადავო კანონპროექტი, მოუხადოს ბოდიში დაზარალებულებს და მისცეს ქვეყანას ნორმალურად ცხოვრების შესაძლებლობა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG