Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს" - აფხაზეთში "აგენტების კანონის" ქართულ პროტესტს გულშემატკივრობენ?


"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე თბილისში. 2 მაისი, 2024
"აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქცია გმირთა მოედანზე თბილისში. 2 მაისი, 2024

საპროტესტო გამოსვლები, რომელიც მოჰყვა საქართველოს ხელისუფლების ხელახალ გადაწყვეტილებას - მიიღოს კანონი "აგენტების შესახებ", ინტერესისა და დისკუსიის საგანია ოკუპირებულ აფხაზეთშიც. მსგავსი კანონპროექტი თავის განხილვას ელოდება დე ფაქტო აფხაზეთის პარლამენტშიც.

აფხაზური საზოგადოების ვნებათაღელვა წარმოაჩინა აფხაზეთის ომის ვეტერანის ლაშა ზუხბას პოსტის ქვეშ დაწყებულმა დისკუსიამაც.

"ჩემი და თანამოაზრე ადამიანების სახელით სოლიდარობას ვუცხადებ თბილისის მომიტინგეებს, ქართულ ოპოზიციას და საქართველოს მთელ სამოქალაქო საზოგადოებას მათ პროტესტში უცხოეთის გავლენის შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ.

ჩვენ გვახსოვს თქვენი მხარდაჭერა ბიჭვინთის შეთანხმების წინააღმდეგ ჩვენი პროტესტის მიმართ და პროტესტი უცხოური აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ ჯერ კიდევ წინ გველოდება.

იმედია, თქვენი ძალისხმევა უშედეგოდ არ ჩაივლის და კანონს არ მიიღებენ. გისურვებთ სულის სიმტკიცეს და წარმატებებს თქვენი მიზნის მიღწევაში", - დაწერა ზუხბამ ფეისბუკში 2 მაისს.

ამ პოსტს მეორე დღეს გამოეხმაურა დე ფაქტო აფხაზეთის ოპოზიციური პარტია "ამცახარა" და ქართულ-აფხაზური ომის ვეტერანებსა და ოპოზიციურ პარტიებს ზუხბას ნათქვამის შეფასებისკენ მოუწოდა:

"გაკვირვებით და აღშფოთებით ვკითხულობთ ფეისბუკში 1992-1993 წლებში აფხაზეთის ხალხის სამამულო ომის ვეტერანის პოსტს. ჯერ ერთი, როგორ შეუძლია აფხაზეთის მოქალაქემ და აფხაზეთის სამამულო ომის ვეტერანმა სოლიდარობა გამოუცხადოს 2008 წლის ომის დამწყებ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, უკიდურესი ნაციონალიზმის იდეოლოგიის მომხრეებს, რომლებიც უარყოფენ თვით აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის, დამოუკიდებლობის იდეას.

მეორეც, მოქალაქე ზუხბა თავისი და თანამოაზრეების სახელით მადლობას უხდის ქართველ ნაციონალისტებს ბიჭვინთის შეთანხმების საპროტესტო აქციების მხარდაჭერისთვის. აფხაზეთის ოპოზიციური ძალები აკრიტიკებდნენ ბიჭვინთის შეთანხმებას, მაგრამ როგორი იყო ეს მხარდაჭერა?

მესამე, მოქალაქე ზუხბა საუბრობს აფხაზეთში მოსალოდნელ პროტესტზე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის წინააღმდეგ. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ საპროტესტო აქციები თბილისში და მომავალი საპროტესტო აქციები აფხაზეთში კოორდინირებულია ერთი ცენტრიდან?

დაბოლოს, შეკითხვა პირადად მოქალაქე ზუხბას: ვინ არიან თქვენი თანამოაზრეები?", - ნათქვამია განცხადებაში.

არა კანონზე, არამედ ქართველების ბრძოლის მხარდაჭერაზე გამოქვეყნებულმა პოსტმა აფხაზეთის საზოგადოებაც გააკვირვა, უფრო კი აღაშფოთა. კრიტიკული კომენტარები დაიწერა ომის ვეტერანის პოსტის ქვეშაც.

  • "როგორ შეიძლება გამოხატო სოლიდარობა მათთან, ვისი მთავარი ლოზუნგია "აფხაზეთი საქართველოა". წარმატებები უსურვო ქართულ ოპოზიციას, რომელიც "მეორე ფრონტის" მომხრეა და "აფხაზეთი საქართველოა"-ს სკანდირებს, საშინელებაა".
  • "ქართველები, რომლებიც აფხაზეთს საქართველოდ თვლიან, ჩვენი მტრები არიან".
  • "ლაშა, ისინი ჩვენთვის არ არსებობენ. ჩვენ არ გვჭირდება ისინი!"

რამდენიმე კომენტარი ეხებოდა თავად კანონსაც.

  • "სოლიდარობის თვალსაზრისით, ვინც უცხოეთის აგენტების შესახებ კანონს აპროტესტებს, შეიძლება დათანხმება. ასეთი კანონი სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგაა მიმართული და ნებისმიერ ქვეყანაში მისი მოქალაქეების წინააღმდეგ გამოიყენება, მიუხედავად მათი ეროვნებისა. რაც უფრო დემოკრატიულები არიან ქართველები, მით ნაკლები იქნება მომავალში კიდევ ერთი კონფლიქტის შანსი, თუმცა ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ".
  • "დასავლეთისგან, მთელი სამყაროსგან იზოლირება და ყველაფრის დათმობა უკვე გამოვიარეთ! ღმერთმა არ ქნას. მე პირადად მესმის მათი, ვინც კანონს აპროტესტებს. ადრე თუ გვიან მოგვიწევს მათთან შეთანხმება და კარგი იქნება, თუ მშვიდობიანად შევთანხმდებით, ვიყოთ კარგი მეზობლები… მშვიდობას ვუსურვებ მათ, ჩვენ და მთელ კავკასიას!"

გარდა ამისა, აფხაზეთში მსჯელობენ, რატომ გადადგა საქართველოს მმართველმა პარტიამ ეს ნაბიჯი.

ცნობილ აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს მიაჩნია, რომ ქართველებმა რაც არ უნდა აკრიტიკონ მთავრობა, ასეთი ზერაციონალური და პრაგმატული ხელისუფლება რთულად მოსაძებნია. ჟურნალისტის აზრით, დასავლეთსა და რუსეთს შორის გაჩხერილ საქართველოში, რომელთაგან ორივეს მისი ხელში ჩაგდება უნდა - "ქართული ოცნება" ოსტატურად მანევრირებს, უმკლავდება გამოწვევებს და დივიდენდებიც მიიღო.

ხაშიგი შიშობს, რომ "აგენტების კანონის" ავტორებს, მმართველი პარტიის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას" უნდა ჰქონდეთ დამაჯერებელი მოტივი და ასეთ მოტივად მას მოსკოვის დაპირება ეჩვენება - ხელი შეუწყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

"ასეთი მოტივი, რომლითაც შეიძლება რისკზე წასვლა, ჩემი წმინდა სუბიექტური აზრით, მხოლოდ მოსკოვის დაპირება შეიძლება იყოს - რომელიც ასე დაჟინებით ავრცელებს კანონს უცხოელი აგენტების შესახებ მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში - ხელი შეუწყოს "ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას", - წერს ხაშიგი.

აფხაზი ჟურნალისტი დარწმუნებულია, რომ მსგავს მოდელს ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა სიხარულით მიიღებს.

"კრემლისთვის კი, რომელიც თავის ირგვლივ ერთგვარ "უსაფრთხოების ზონას" იწყობს, საქართველოს კონფედერაციის იდეა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან, ძალიან მომგებიანი პროექტია, რომელიც საშუალებას მისცემს მას საქართველო საკუთარ სრულ გავლენასთან დააკავშიროს და გახდის მას ისეთ ნეიტრალურ ტერიტორიად, საიდანაც რუსეთს საფრთხე აღარ დაემუქრება", - ამბობს ხაშიგი.

ის ასევე წერს, რომ მიმდინარეობს საიდუმლო კონსულტაციები მოსკოვსა და თბილისს შორის სანდო პირების მეშვეობით და ამაზე მიუთითებს ჟურნალისტების მიერ ფარულად ჩაწერილი საუბარი საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერ გიორგი ვოლსკისა და წარმოშობით ქართველ რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელს შორის. ამ საუბარში ხიდაშელმა ახსენა გარკვეული პროექტები აფხაზეთთან, მათ შორის - კონფედერაციებთან დაკავშირებით.

ხაშიგი არ გამორიცხავს, რომ ამ პროცესში თავად აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთიც რამენაირად იყვნენ ჩართული. მისი თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას, თანაშემწეებს შორის 2022 წლიდან ჰყავს რუსი ბიზნესმენი ღიად ქართული გვარით – მირილაშვილი და დარწმუნებულია, რომ არც ეს არის უმიზეზოდ.

აფხაზეთში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. დოკუმენტის მიხედვით, უცხოეთის აგენტებად შესაძლოა გამოცხადდნენ როგორც არაკომერციული ორგანიზაციები, ასევე ფიზიკური პირები, თუ ისინი ფინანსდებიან ან სხვა ქონებას იღებენ უცხოური წყაროებიდან. არაკომერციული ორგანიზაციებისა და უცხოური აგენტის ფუნქციების შემსრულებელი პირების შესახებ კანონმდებლობის დარღვევა ადმინისტრაციულ, სისხლისსამართლებრივ და "სხვა პასუხისმგებლობას" გამოიწვევს.

1 მაისს საქართველოს პარლამენტმა "აგენტების კანონი" პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით მიიღო. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის ძალაში შესვლის შემთხვევაში, მედიასაშუალებებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, დაავალდებულებენ, დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია".

მესამე კვირაა "აგენტების კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქციები უწყვეტად მიმდინარეობს თბილისში.

პროტესტი თბილისში "აგენტების კანონპროექტის" წინააღმდეგ, 2 მაისი, 2024 წელი.
პროტესტი თბილისში "აგენტების კანონპროექტის" წინააღმდეგ, 2 მაისი, 2024 წელი.

პროტესტს უერთდებიან საქართველოს სხვა ქალაქებშიც.

  • 16x9 Image

    ლანა კოკაია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2022 წლიდან. ძირითადად, მუშაობს ქართულ-აფხაზური კონფლიქტის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების გაშუქებაზე.

ფორუმი

XS
SM
MD
LG